ინფორმაციული ტექნოლოგიების ლაბორატორია - ჯეოლაბი

საქართველოში, სადაც მობილური აპლიკაციების სფეროში დიდი პოტენციალია, მთავარ სირთულეს კვალიფიციური კადრების ნაკლებობა წარმოადგენს. სწორედ ახალგაზრდა თაობისთვის მომავლის პროფესიის შექმნა და წარჩინებულ სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობა იყო მიზეზი 2015 წელს დაარსებულიყო ულტრათანამედროვე IT ლაბორატორიით აღჭურვილი ინსტიტუტი, GeoLab • ჯეოლაბი. პროექტი GAU-ს, ჯეოსელისა და Leavingstone-ის პარტნიორობით შეიქმნა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გახდა.

ჯეოლაბი ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორიაა. ეს არის სივრცე, რომელიც 24/7 ღიაა სხვადასხვა საინტერესო პროექტის განხორციელებისათვის. ჯეოლაბის განუყოფელი ნაწილია სასწავლო ცენტრი, რომელშიც ნებისმიერ მსურველს აქვს საშუალება ისწავლოს მისთვის საინტერესო მიმართულებით, როგორიცაა დიზაინი, ვებ პროგრამირება, მობილური პროგრამირება, თამაშების დეველოპმენტი, კოდირება, კომუნიკაცია.

ჯეოლაბში თითოეული სასწავლო მიმართულება კონკრეტულ სპეციალობებად იყოფა. სასწავლო ცენტრის ლექტორები შესაბამისი სფეროს პრაქტიკოსი პროფესიონალები არიან, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს სწავლის პარალელურად პრაქტიკული პროექტები განახორციელონ და საკუთარი იდეების რეალიზებაზე იმუშაონ.

GAU-სა და ჯეოლაბის ერთობლივ სასერტიფიკატო პროგრამას უკვე არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს. ჰაკათონის თუ სხვა საერთაშორისო კონკურსების ფარგლებში კი ბევრი ინოვაციური, გამოყენებადი პროგრამა და მობილური აპლიკაცია შეიქმნა, რომელთა ავტორებს შორის GAU-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის სტუდენტები არიან. ჯეოლაბში რეგულარულად იმართება ღია საჯარო ლექციები, ტრენინგები და მასტერკლასები საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით.

ამასთანავე, ჯეოლაბში მოქმედებს 4 თვიანი სტაჟირების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები საფუძვლიან გამოცდილებას იღებენ.

ჯეოლაბში სპეციალურ ასაკობრივ ჯგუფებზე პროექტები მოქმედებს: 50+ და ჯეოლაბ ჯუნიორი. 50+ პროექტი უფროსი ასაკის ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. კურსის ფარგლებში მონაწილეები სხვადასხვა ონლაინ სერვისის გამოყენებას სწავლობენ. ჯეოლაბ ჯუნიორი კი სკოლის უფროსკლასელებს გრაფიკული დიზაინის და პროგრამირების მოკლე კურსებს სთავაზობს.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა