სიახლეები და ღონისძიებები

ინტერვიუ GAU-ს გაცვლითი პროგრამის მონაწლე სტუდენტთან - გიორგი ვადაჭკორიასთან

ინტერვიუ GAU-ს გაცვლითი პროგრამის მონაწლე სტუდენტთან - გიორგი ვადაჭკორიასთან

ოთხშაბათი, 13 თებერვალი, 2013

აჩვენე კალენდარზე

1. გიორგი, GAU-ს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში თქვენ ერთი სემესტრი აშშ-ში, კლეიტონის უნივერსიტეტში გაატარეთ. რა მიმართულებაზე სწავლობდით და როგორი იყო სასწავლო პროცესი? გაგიჭირდათ გადართვა იქაურ სასწავლო პროცესზე თუ პირიქით, იოლად მოახდინეთ ადაპტირება?

2012 წელს მომეცა შესაძლებლობა შემოდგომის სემესტრი აშშ-ში, ჯორჯიის შტატში, კლეიტონის უნივერსიტეტის (Clayton State University) ბიზნესის სკოლაში გამევლო.

მართალი გითხრათ, აქამდე არ მეგონა, რომ საქართველოში შესაძლებელი იყო ამერიკულ სტანდარტებთან შესაბამისი განათლების მიღება, თუმცა ჩემი წარმოდგენა ამერიკაში სწავლის დაწყებისთანავე შეიცვალა. GAU-ს სასწავლო პროგრამა, სწავლის პროცესი და შეფასების სისტემა ამერიკული მოდელის ანალოგია. გარდა ამისა, GAU არის უნივესიტეტი, სადაც შეგიძლია ისწავლო თანამედროვე ამერიკული ლიტერატურით, მოისმინო მაღალკვალიფიციური ლექტორების ლექციები, მიიღო მონაწილეობა საინტერესო სემინარებში, კონფერენციებსა თუ კონკურსებში და ჩამოყალიბდე საერთაშორისო დონის სპეციალისტად. ყოველივე აქედან გამომდინარე, ძალიან იოლად მოვახდინე ადაპტირება იქაურ სასწავლო პროცესთან, რაც ნამდვილად ჩვენი უნივერსიტეტის დამსახურებაა.

2. რას გვეტყვით უნივერსიტეტის პროფესორებზე? გარდა მათი კვალიფიკაციისა, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მათ სტუდენტებთან? მაგალითად, მზად იყვნენ აღმოეჩინათ დახმარება და გაეცათ პასუხები თქვენს შეკითხვებზე? მეგობრულები იყვნენ?

კლეიტონის უნივერსიტეტში საუკეთესო პროფესორები ასწავლიან. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ უნივერსიტეტი არ გამოირჩევა თავისი მასშტაბით ჯორჯიის შტატში, იგი ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია, რადგანაც იქ ასწავლიან მაღალკვალიფიციური პროფესორები. ჩემთვის ყველაზე მეტად თვალშისაცემი იყო ის, რომ მათი ლექციები სრულად მიმართული იყო არა თეორიული მასალის სტუდენტებისათვის მშრალად მიწოდებისაკენ, არამედ მათთვის სწავლის მოტივაციის გაზრდისაკენ. ლექციებზე ვაკეთებდით ძალიან ბევრ ჯგუფურსა თუ ინდივიდუალურ დავალებას, რაც გვეხმარებოდა ამა თუ იმ ახალი საკითხის გააზრებაში. გარდა ამისა, ისინი გვიზიარებდნენ თავიანთ პრაკტიკულ გამოცდილებას და მასალას ძირითადად ხსნიდნენ რეალური მაგალითებით, როგორც თავიანთ პირად კარიერულ გამოცდილებაზე, ისე ამერიკისა და მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიებისა და ორგანიზაციების მაგალითებზე დაყრდნობით.

ყველაზე საინტერესო ჩემთვის იყო ინტერნეტ პორტალი, რომელშიც ყველა სტუდენტი იყო დარეგისტრირებული და რომლის საშუალებითაც ხორციელდებოდა კომუნიკაცია სტუდენტებსა და პროფესორებს შორის. ეს იყო უმარტივესი გზა დაკავშირებოდი შენს პროფესორს დღის ნებისმიერ მონაკვეთში და მიგეღო შენთვის ამომწურავი ინფორმაცია ნებისმიერ საკითხზე. ვისურვებდი, რომ ეს სისტემა ჩვენს უნივერსიტეტშიც დაინერგოს.

რაც შეეხება ურთიერთობას, პროფესორები ძალიან მეგობრულები იყვნენ, მაგრამ რაც ყველაზე მეტად მომეწონა, ეს იყო ის, რომ ამ მეგობრულ და თბილ ურთიერთობას საზღვრავდა პროფესიული დისტანცია, რომელიც ყოველთვის იგრძნობოდა, თუმცა საერთაშორისო სემესტრული გაცვლითი პროგრამის მონაწილეებისადმი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდნენ როგორც ადგილობრივი სტუდენტები, ასევე პროფესორები. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჯონ ე. პარკერსონი, რომელიც გახლავთ ატლანტის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის პრეზიდენტი, ასევე უნგრეთის კონსული ამერიკის სამხრეთის შტატებში, ემორის და კლეიტონის უნივერსიტეტების პროფესორი და კლეიტონის უნივერსიტეტის საერთაშორისო პროგრამების ოფისის დირექტორი. მან მთელი ამ ხნის მანძილზე ჩვენთვის სპეციალურად დაგეგმა მრავალი გასართობი თუ შემეცნებითი პროგრამა, რომელთა ფარგლებშიც თითქმის ყოველ შაბათ-კვირას ერთად ვატარებდით. დაგვპატიჟა ფლორიდაში, სადაც ამელიის კუნძულებზე დაუვიწყარი შვებულება გავატარეთ. ასევე მინდა გამოვყო ალფონსო ოგუოუბეი, რომელიც გახლავთ კლეიტონის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი, რომელმაც ასევე დიდი ინტერესი გამოიჩინა ჩვენს მიმართ და მე და კიდევ ერთი სტუდენტი თავის ოჯახში ვახშამზე დაგვპატიჟა, რაც ჩვენთვის ნამდვილად დიდი პატივი იყო. ასევე გამოვყოფდი ალლი დადპაის, რომელიც გახლავთ კლეიტონის უნივერსიტეტში მაკროეკონომიკის ლექტორი, სრული პროფესორი. იგი ძალიან მეგობრულად განეწყო ჩვენს მიმართ და ხშირად გვპატიჟებდა ამა თუ იმ ღონისძიებაზე.

3. მოგვიყევით სტუდენტურ ცხოვრებაზე, რა აქტივობები ხორციელდებოდა ამ მხრივ უნივერსიტეტში  და როგორი იყო თქვენი ჩართულობა?

ვცხოვრობდით სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში, აქამდე მსგავსი გამოცდილება არ მქონია და ჩემდა გასაკვირად, ძალიან მომეწონა. სრული დამოუკიდებლობა, გარშემო კარგად განწყობილი, მეგობრული ხალხი და არაჩვეულებრივი გარემო - ალბათ საუკეთესო ადგილია, სადაც შეგიძლია ისწავლო და გაერთო კიდეც. სტუდენტური ცხოვრება ძალიან დატვირთული იყო. უნივერსიტეტის ბაზაზე იყო სხვადასხვა ოფისები, რომლებიც ყოველდღიურად აწყობდნენ სხვადასხვა გასართობ თუ საინფორმაციო ღონისძიებებს სტუდენტებისათვის. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ოფისი იყო საერთაშორისო პროგრამების ოფისი, სადაც მე ვმუშაობდი დირექტორის ასისტენტად. ჩემი იქ ყოფნის მანძილზე მოვაწყვეთ რამდენიმე ღონისძიება, რომელთა მიზანიც იყო საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების პოპულარიზაცია.

4. კლეიტონის უნივერსიტეტში ალბათ მსოფლიოს მრავალი კუთხიდან ჩასული სტუდენტები სწავლობენ, რა მოგცათ ამ კულტურულმა მრავალფეროვნებამ? ადვილად დაამყარეთ ურთიერთობები? ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ?

კლეიტონის უნივერსიტეტი შტატში გამოირჩევა საერთაშორისო სტუდენტების სიმრავლით, რაც გამომდინარეობს უნივერსიტეტის პოპულარიზაციის გაზრდის სურვილიდან. რადგან კულტურული მრავალფეროვნება ქმნის მრავალ შესაძლებლობასა და განვითარების საშუალებას, იზრდება უნივერსიტეტის იმიჯიც. გამომდინარე იქიდან, რომ მე საერთაშორისო პროგრამების ოფისში ვმუშაობდი, შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ უნივერსიტეტში სწავლობდნენ მსოფლიოს 25 ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტები სხვადასხვა განხრით.

რაც შეეხება ჩემს ურთიერთობებს, ძალიან კომუნიკაბეული ადამიანი ვარ და მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. ურთიერთობა კი მიმაჩნია, რომ განსაკუთრებით საინტერესოა ისეთ ადამიანებთან, რომლებიც შენგან ბევრი რამით განსხვავდებიან. ამასთან სტუდენტები, რომლებიც კლეიტონის უნივერსიტეტში სწავლობდნენ , ძალიან მეგობრულები და კეთილგანწყობილები იყვნენ ჩვენს მიმართ, აქედან გამომდინარე, ურთიერთობები ძალიან ადვილად დავამყარე და არავითარი სირთულე არ შემქმნია ამ კუთხით. განსაკუთრებულად ვისთანაც ვმეგობრობდი იყვნენ უნგრელი, გერმანლი, ინდოელი, ინგლისელი, ფიჯელი, და შვედი სტუდენტები. რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობები ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო და სიმართლე გითხრათ, მათგან ბევრი რამ ვისწავლე და მათაც ჩემგან. თავი არასდროს მიმაჩნდა ეთნოცენტრისტად, მაგრამ უცხოელ მეგობრებთან ურთიერთობამ საბოლოოდ გაამყარა ჩემში უცხო კულტურებისადმი პატივისცემა.

5. იყო თუ არა ინტერესი საქართველოსა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიმართ სტუდენტების ან პროფესორების მხრიდან?

როგორც აქამდე ავღნიშნე, მე ვმუშაობდი საერთაშორისო პროგრამების ოფისში და კერძოდ მევალებოდა საქართველოს და ჩვენი უნივერსიტეტის პოპულარიზაცია. ვაკეთებდი ფლაერებს, პრეზენტაციებს, ვაწყობდი საჩვენებელ მაგიდებს და მივაღწიეთ იმას, რომ ცნობადობა და ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ გაიზარდა. ნოემბრის პირველ კვირას უნივერსიტეტში ავღნიშნეთ საერთაშორისო კვირეული, რასთან დაკავშირებითაც ჩვენმა ოფისმა მოაწყო გამოფენა უნივერსიტეტის მთავარ შენობაში, სადაც წარმოვადგინეთ ის ქვეყნები, რომლებთანაც კავშირი აქვს კლეიტონის უნივერსიტეტს. ყველა ქვეყანას თავისი წარმომადგენელი ჰყავდა და შესაბამისად, მე წარმოვადგენდი საქართველოს. მოვაწყვე ქართული კუთხე და გავაკეთე პრეზენტაცია საქართველოზე და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტზე.

მართალი გითხრათ, თავიდან ხალხი გაოცებული მოდიოდა, რადგანაც ხედავდა, რომ სტენდზე ეწერა Georgia და სურათები კი აშკარად არ იყო ჯორჯიის შტატის. ბევრი მოდიოდა და მეკითხებოდა ამ ფოტოებზე ასახული ადგილების შესახებ, მე კი ვუხსნიდი, რომ ეს იყო პატარა უძველესი ქვეყანა ევროპაში, უდიდესი ტრადიციებითა და კულტურით, სადაც მათ სწავლის გაგრძელების საშუალება ეძლეოდათ. სხვათა შორის, დაინტერესება შემდგომ ძალიან გაიზარდა და ღონისძიების ბოლოს შვიდმა სტუდენტმა და ორმა პროფესორმა, რომლებმაც გამოთქვეს რეალური სურვილი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში სტუმრობისა, დაგვიტოვეს თავიანთი საკონტაქტო ინფორმაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ დაინტერესება სტუდენტებისა და პროფესორების მხრიდან გარკვეულ დონეზე არსებობს და იმ შემთხვევაში, თუ ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და გაღრმავდება, შესაძლებელია GAU-მ მეტი საერთაშორისო სტუდენტი მიიღოს, რაც სასიკეთოდ წაადგება როგორც უნივერსიტეტს, ისე ჩვენს ქვეყანას.

6. შეგიძლიათ ჩამოგვითვალოთ ის ძირითადი ფაქტორები, რითიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ამ პროგრამის ფარგლებში შეძენილი გამოცდილება?

ამ პროგრამაში მონაწილეობა ჩემთვის იყო უდიდესი გამოცდილება, რომლის მიღების საშუალებაც მე ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა მომცა.

პირველ რიგში, მომეცა საშუალება მესწავლა ისეთ ქვეყანაში, რომელიც საოცნებოა ბევრი  სტუდენტისათვის. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროგრამის ფარგლებში იყო ურთიერთობები, რომელთა დამყარების საშუალებაც მომეცა. მჯერა, რომ კომუნიკაცია ქმნის ახალ შესაძლებლობებს და ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ეს გაცვლითი პროგრამა ჩემი მომავალი წარმატების საწინდარი იქნება.

მივიღე მონაწილეობა მრავალ ოფიციალურ ღონისძიებაში. მაგალითად, ჯორჯიის შტატის ბიზნეს დაჯილდოება, მაკედონიის მთავრობის მიერ გამართული შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან,  რომელსაც ესწრებოდნენ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი, კოკა-კოლას ფინანსური დირექტორი და სხვა მრავალი სტუმარი. მსგავსი შეხვედრების დროს ჩვენი, როგორც საერთაშორისო სტუდენტების მიმართ, დიდ დაინტერესებას იჩენდნენ სხვადასხვა მსხვილი თუ მცირე კომპანიების წარმომადგენლები. ყოველივე ამან კი მასწავლა სწორი და ეფექტური კომუნიკაციის წარმართვა, რაც მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებაში.

შევიძინე დამოუკიდებლად ცხოვრების უდიდესი გამოცდილება, განსაკუთრებით კი მინდა გამოვყო სწავლის მიმართ დამოკიდებულება. მინდა ჩვენს სტუდენტებს გავუზიარო და ვუთხრა, რომ სხვისი დახმარება ყველაზე დიდი ხელის შეშლაა. ჩვენ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია, მთავარია მოტივაცია და შრომისმოყვარეობა.

ბოლოს, მინდა შემთხვვით ვისარგებლო და უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენი უნივერსიტეტის პრეზიდენტ ბატონ რ. მაიკლ ქაუგილს, ბიზნესის სკოლის დეკანს - ბატონ თემურ ტორონჯაძეს, ქალბატონ ვერიკო ჯაფარიძეს და ქალბატონ მაია სვანიძეს ამ უნიკალური შესაძლებლობის მოცემისათვის. ამ გამოცდილებით მე დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი არის ადგილი, სადაც ნამდვილად გეძლევა საშუალება საქართველოში მიიღო ამერიკულ სტანდარტებთან შესაბამისი განათლება და გახდე საერთაორისო დონის სპეციალისტი, რომელიც ყოველთვის კონკურენტუნარიანი იქნება მსოფლიო ბაზარზე.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა