GAU-ს 10 წლისთავზე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში GeoLab • ჯეოლაბი დაიბადა ♥
ეს არის ინოვაციური მობილური და ვებ აპლიკაციების ლაბორატორია, რომელიც 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტი GAU-ში ჯეოსელსა და Leavingstone-სთან პარტნიორობით შეიქმნა. ეს პროექტი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსის საფუძველზე განხორციელდა.
GeoLab-ში სტუდენტები შეძლებენ ბიზნესზე ორიენტირებული სერვისები, პროდუქტები და პროტოტიპები შექმნან, დაეუფლონ მომავლის პროფესიას და საკუთარი კრეატიული აზროვნების რეალიზებისთვის ტექნიკური უნარ–ჩვევები შეიძინონ.
პრეზენტაციაზე, რომელიც GAU-ში 13.00 საათზე გაიმართა, პროექტის მიზანსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა; ამერიკის სრულუფლებიანმა ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა; საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ქაშიბაძემ; ჯეოსელის გენერალურმა დირექტორმა, პაველ სმალინსკიმ, Leavingstone-ს წარმომადგენელმა, ვახო ვახტანგიშვილმა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, რ. მაიკლ ქაუგილმა.
GeoLAB-ი GAU-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტის (ITI) განუყოფელი ნაწილია, სადაც სწავლა სამი თვის განმავლობაში 5 სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს:
- 3D დიზაინი,
- გრაფიკული დიზაინი,
- პროგრამირება,
- ელექტრონული პლატფორმები,
- პროგრამული პროექტების მართვა.