ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) ტრადიციულად აგრძელებს ბანაკების ორგანიზებას სკოლის მოსწავლეებისთვის. 4-5 მაისს (2019) GAU „პარტნიორები საქართველოს“ ტრენერ-კონსულტანტთან ერთად ბათუმს ესტუმრა.
შეირჩა 20 უფროსკლასელი, მაღალი აკადემიური მოსწრების მიხედვით, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ორდღიანი დაუვიწყარი გამოცდილება.
მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასარგებლო აღმოჩნდა ბანაკის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგი, რომელიც დროისა და სტრესის მართვას ეხებოდა. ტრენინგს უძღვებოდა „პარტნიორები საქართველოს“ ფსიქოლოგ-კონსულტანტი - თეა გველესიანი.
ბანაკს ესწრებოდა GAU ომბუდსმენი, რომელიც უფროსკლასელებს გაესაუბრა ომბუდსმენის ინსტიტუტის შინაარსსა და მნიშვნელობაზე.
GAU-ს საგაზაფხულო ბანაკი ასევე, ითვალისწინებს პრაქტიკულ კომპონენტს - GAU Game. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სახალისო აქტივობა მოსწავლეებისთვის, რომლის მიზანია გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.
საღამო სასიამოვნო გარემოში გაგრძელდა, სადაც გამოვლინდა GAU Game-ის გამარჯვებული გუნდი. ბანაკის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და პრიზები.
ბანაკების ორგანიზებაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ GAU-ს სტუდენტური ელჩები.