14 დეკემბერს GAU-ში მწერლის და რეჟისორის ნანა ექვთიმიშვილის საღამო გაიმართა.
სტუმარმა თავისი პირველი რომანი "მსხლების მინდორი" წარადგინა, რომელიც თბილისის ერთ-ერთი სკოლა-ინტერნატის მოზარდთა ცხოვრებაზეა დაფუძნებული. ნანამ შეზღუდული შესაძლებლობის ან უბრალოდ მშობლებისგან მიტოვებული ბავშვების ბედზე ისაუბრა, რომლებსაც არ ჰყავთ მფარველი, არ აქვთ ხელშეწყობა, განვითარებისა და რეალიზების პირობები და რომლებიც დღესაც ხვდებიან ქუჩაში მოწყალების მთხოვნელის როლში. მიუხედავად იმისა, რომ "ჩვენი" და ინტერნატის ღობის მიღმა გაზრდილი ბავშვების გზები მკვეთრად იყოფა, ყველანი ერთი საზოგადოების წევრები ვართ და ერთმანეთის ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოვადგენთ.
ნანა ექვთიმიშვილის შემოქმედების ნიადაგი 90-იანები, მისი ცხოვრების გარდამტეხი წლებია და სწორედ ამ "ბნელი" პერიოდის "გრძელი ნათელი დღეებით" გაგრძელდა საღამო. GAU-ს სტუდენტებმა ნახეს 2013 წელს გადაღებული მხატვრული ფილმი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება და 30-ზე მეტი ჯილდო მოიპოვა.
კინოჩვენების შემდეგ გაგრძელდა დისკუსია ავტორთან და რეჟისორთან. სტუდენტებს ჰქონდათ საშუალება ადგილზე შეეძინათ რომანი "მსხლების მინდორი", თუმცა ავტორმა ავტოგრაფის გაცემა ვერ შეძლო, რადგან რამდენიმე დღის წინ მომხდარი ავტოავარიის შედეგად მარჯვენა ხელი აქვს მოტეხილი. ამის მიუხედავად ნანამ არ მოინდომა შეხვედრის გადადება და GAU-ში ძალიან ემოციური, საინტერესო, ინტერაქციული საღამო შედგა, რომელსაც რეჟისორი რუსუდან ჭყონია და მწერალი თეონა დოლენჯაშვილიც ესწრებოდნენ.