First Regional United Summit 2026-ის ფარგლებში ორდღიანი საკომიტეტო სამუშაოები გაიმართა
პარასკევი, 03 ივლისი, 2026
ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გამართული First Regional United Summit 2026-ის ფარგლებში მონაწილეებმა ორდღიანი საკომიტეტო სამუშაოები წარმატებით დაასრულეს.
სამიტის მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების როლში წარდგნენ, სადაც სიმულაციური კრიზისების მართვის, საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩაერთნენ. მუშაობის განმავლობაში მათ სიღრმისეულად გააანალიზეს გლობალური გამოწვევები და საერთო მიზნების მისაღწევად სახელმწიფოებრივი ინტერესების დაბალანსებაზე იმუშავეს.
გაეროს, ნატოსა და ევროკავშირის მოდელირების ფორმატმა ახალგაზრდებს სტრატეგიული კომუნიკაციის, დიპლომატიური მოლაპარაკებებისა და გუნდური მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება მისცა. თითოეული გადაწყვეტილება არგუმენტირებულ დისკუსიასა და კონსენსუსზე დაფუძნებული თანამშრომლობის შედეგად მიიღებოდა.
ორდღიანი ანალიტიკური პროცესის დასასრულს მონაწილეებმა შეიმუშავეს კონკრეტული რეზოლუციები, რომლებიც საბოლოო განხილვისთვის გენერალურ ასამბლეას წარუდგინეს.