GAU შავი ზღვის სიძველეების საერთაშორისო კონგრესზე ვარშავაში
ხუთშაბათი, 24 სექტემბერი, 2026
2026 წლის 14–18 სექტემბერს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის პროფესორმა ბესიკ ლორთქიფანიძემ და ასოცირებულმა პროფესორმა ნიკოლოზ მურღულიამ ვარშავის უნივერსიტეტში გამართულ შავი ზღვის სიძველეების მერვე საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა.
კონგრესი - Eighth International Congress on Black Sea Antiquities - გოჩა რ. ცეცხლაძის ხსოვნას მიეძღვნა და თემაზე „General Trends and Local Traditions in the Black Sea Area (7th c BC–5th/6th c AD)” გაიმართა.
17 სექტემბერს GAU-ს პროფესორებმა კონგრესზე წარადგინეს სამეცნიერო მოხსენება - „ოსტგოთური ტიპის ბალთა ნოქალაქევი-არქეოპოლისიდან (დასავლეთ საქართველო) - ლაზიკაში მდგარი ბიზანტიური ჯარის ეთნიკური მრავალფეროვნების დადასტურება“ (“An Ostrogothic-Type Buckle from Nokalakevi-Archaeopolis (West Georgia) as Evidence for Ethnic Diversity in the Byzantine Army of Lazica”). მოხსენებამ კონგრესის მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია.
კონგრესის ფარგლებში GAU-ს წარმომადგენლებმა საქმიანი შეხვედრები გამართეს პოლონელ, უკრაინელ, რუმინელ, თურქ და ფრანგ კოლეგებთან.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ისტორიკოსები და არქეოლოგები საქართველოდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, საბერძნეთიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, ბელგიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან და ჩინეთიდან, რომლებმაც კონგრესზე სამეცნიერო მოხსენებები და პოსტერები წარადგინეს.
ამასთანავე, 15 სექტემბერს, კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტის მიწვევით, ნიკოლოზ მურღულია ერთ-ერთ სამეცნიერო სესიას მოდერატორის რანგში გაუძღვა.