სიახლეები და ღონისძიებები

ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირი

ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირი

კვირა, 05 მაისი, 2019

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის #42 საჯარო სკოლის ორგანიზებით GAU-ში ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირი მიმდინარეობს!

ტურნირი, რომელიც ახალგაზრდებში მეცნიერებისადმი ინტერესის წახალისებას ემსახურება და პოპულარული ფორმატია მსოფლიოში, საქართველოში, სკოლებს შორის პირველად ტარდება და მასში 7 გუნდი იღებს მონაწილეობას თბილისის სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლიდან.

ბრიტანულ-ქართული აკადემიის, ნიუტონის თავისუფალი სკოლის, თბილისის #51 საჯარო სკოლის, ვ. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის #199 სკოლის, ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის #42 სკოლის, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლისა და პირველი ექსპერიმენტული სკოლის გუნდები 45 დღის განმავლობაში იკვლევდნენ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში დასმულ 12 საკითხს.

რომელია მზის სისტემის ყველაზე მაღალი მწვერვალი? რა მეთოდებით შეიძლება ცეცხლის დანთება? როგორ შეიძლება ნაბეჭდი ტექსტის გაქრობა მზის შუქზე? რა გავლენას ახდენს მარილები მცენარის ზრდაზე? ამ და სხვა საინტერესო თემებზე სკოლის მოსწავლეები თვეზე მეტია მუშაობენ. ექსპერიმენტის შედეგები გუნდებმა ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპებზე, 5 და 9 მაისს გაუზიარეს, ოპონენტ გუნდებთან დისკუსიაში ჩაერთნენ და საკითხის გარშემო ამომწურავად გამოავლინეს თავიანთი ცოდნა და მიგნებები.

ორი ჯგუფური ეტაპის შეჯამებით ტურნირის სამი ფინალისტი გამოავლინა დამოუკიდებელმა ჟიურიმ, რომელთა შორის 2 GAU-ს წარმომადგენელი იყო (ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის დეკანი, ბატონი კონსტანტინე კულიჯანოვი და ამავე სკოლის ლექტორი - ბატონი ნიკოლოზ მაღლაფერიძე):

1. ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის #42 სკოლა - 84.50 ქულა
2. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის #199 სკოლა - 83.33 ქულა
3. ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - 82.33 ქულა

ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირის ფინალი და დაჯილდოება 12 მაისს გაიმართება!

ჟიურის თავმჯდომარეა საერთაშორისო ნატურალისტთა ტურნირების ჟიური - ცოტნე დადიანი.  ამასთანავე ფინალურ ეტაპზე ჟიურის წევრებს შორის იქნება GAU-ს ბიზნესის სკოლის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ტორონჯაძე.

გამარჯვებულ გუნდს მენტორთან ერთად GAU-სგან საჩუქრად გადაეცემა 2-დღიანი საგზური კახეთში, სასტუმროში "როიალ ბატონი"!


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა