პროექტები

კვლევა

პროექტები

პოსტსაბჭოთა საქართველოს ქალაქები: სოციალური ვარდნა და მარგინალიზაცია ტყიბულსა და ჭიათურაში

პოსტსაბჭოთა საქართველოს ქალაქები: სოციალური ვარდნა და მარგინალიზაცია ტყიბულსა და ჭიათურაში

პროექტის განმახორციელებელი: ინტერკულტურული დიალოგის ფორუმი და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა, კონსტიტუციონალიზმისა და დემოკრატიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი

პროექტის ტიპი: კვლევითი

პროექტი ხორციელდება: 2020

პროექტის ფინანსური მხარდაჭერა: როზა ლუქსემბურგის ფონდი

პროექტის აღწერა:

პროექტი მიზნად ისახავდა:

1. ჭიათურისა და ტყიბულის მაგალითზე პოსტსაბჭოთა ქალაქების დეინდუსტრიალიზაციის შედეგების კვლევას, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ურბანული თვალსაზრისით.

2. ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ურბანული კვლევებისა და ქალაქის  სოციოლოგიური შესწავლის მიმართულების განვითარების ხელშეწყობას.

პროექტი განხორციელდა ორ ეტაპად: პროექტის დასაწყისში, მაისის თვეში, შერჩეულმა კანდიდატებმა გაიარეს ექვსდღიანი ინტენსიური სემინარები ურბანულ სოციოლოგიაში.

სემინარებზე განხილულ იქნა ისეთი თემები, როგორებიცაა - პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაცია და მისი თანმდევი პროცესები, ქალაქების ნეოლიბერალიზაცია და დეინდუსტრიალიზაცია, სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა და მისი გამომწვევი მიზეზები, ქალაქის ანთროპოლოგიური შესწავლის მეთოდები და ურბანსოციოლოგიასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

პროექტის მეორე ეტაპზე, ზაფხულში, ივლისისა და აგვისტოს თვეში, მეორე ეტაპზე შერჩეული მონაწილეები (სტუდენტები და კურსდამთავრებულები), პროექტის სამეცნიერი ხელმძღვანელთან და მკვლევარებთან ერთად გაემგზავრნენ ჭიათურასა და ტყიბულში საველე კვლევის ჩასატარებლად, რომელიც მიზნად ისახავდა ტყიბულისა და ჭიათურის საბჭოთა და პოსტსაბჭოთა გამოცდილების შესწავლას. ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდებოდა ქალაქის მკვიდრთა ცხოვრების ისტორიების მოსმენაზე და მათი დღევანდელი სოციალური განცდების შესწავლაზე. ასევე, კვლევის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენდა ქალაქის მეხსიერებისა და ახლანდელი ურბანული ლანდშაფტის, ქალაქის გარემოსა და ხელმისაწვდომობის შესწავლა და ანალიზი.

საველე კვლევა მოიცავდა 40-ზე მეტ ჩაღრმავებულ ინტერვიუსა და გასაუბრებას ორივე ქალაქის მაცხოვრებლებთან, ასევე დაკვირვებას ქალაქზე, მის სოციალურ კლიმატსა და ცხოვრების რიტმზე. საველე ექსპედიციისას გადაღებულ იქნა ფოტოები, ხდებოდა დღიურებისა და ჩანაწერების წარმოება. აგრეთვე, ყოველ საღამოს ეწყობოდა დღის შემაჯამებელი განხილვები, სადაც ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა რესპონდენტების შესახებ და გაზიარება დაკვირვებებისა თუ შთაბეჭდილებების.

ჭიათურასა და ტყიბულში ჩატარებული საველე კვლევის საფუძველზე პროექტის მკვლევარებმა მოამზადეს პუბლიკაცია ჭიათურისა და ტყიბულის ურბანულ და სოციალურ პრობლემებზე.

პროექტში მონაწილეობას იღებდნენ სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების მოქმედი სტუდენტები და კურსდამთავრებულები, რომელთაც აინტერესებთ პოსტსაბჭოთა კვლევები, ურბანული სოციოლოგია და უთანასწორობის კვლევები. 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა