ტერიტორიული მთლიანობის და ხალხებისა და ერების თვითგამორკვევის პრინციპების ურთიერთმიმართების პრობლემა და მათი ტრანსფორმაცია თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში
პროექტის განმახორციელებელი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა, კონსტიტუციონალიზმის და დემოკრატიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფი
პროექტის ტიპი: სამეცნიერო-კვლევითი პროექტი
პროექტის განხორციელების თარიღი: 2020-2021
პროექტის ფინანსური მხარდაჭერა: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
პროექტის აღწერა:
პროექტი ითვალისწინებს ტერიტორიული მთლიანობისა და ხალხებისა და ერების თვითგამორკვევის პრინციპების ურთიერთმიმართების საკითხების სიღრმისეულ ანალიზს. დღეს ხალხებისა და ერების თვითგამორკვევის და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების თანაარსებობა, მით უმეტეს მათი ტრანსფორმაცია თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში, ბევრ პრობლემას წარმოქმნის, როგორც შიდასახელმწიფოებრივ, ისე საერთაშორისო ურთიერთობებში.
ხალხებისა და ერების თვითგამორკვევის უფლების რეალიზების სხვადასხვა ფორმებიდან პროექტის ფარგლებში განხილული იქნება მხოლოდ ისეთი ფორმები, როგორებიცაა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბება, ერთი სახელმწიფოდან მისი ტერიტორიის ნაწილის გამოყოფა და სხვა სახელმწიფოსთან მიერთება ან შერწყმა. თვითგამორკვევის პრინციპთან მიმართებაში ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის გარდა ასევე განხილული იქნება სხვა ტერიტორიული პრინციპები - მაგ., საზღვრების ხელშეუხებლობისა და საზღვრების ურღვევობის პრინციპები.
პროექტის საბოლოო ეტაპზე განხორციელდება კონფერენციის ორგანიზება და სამეცნიერო კრებულის გამოცემა.
პროექტი ინტერდისციპლინარული ხასიათისაა და მასში ჩართულნი არიან სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის პროფესორები/მკვლევარები როგორც სამართლის, ისე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. პროექტის აკადემიური გუნდის წევრები არიან ასევე სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, რომლებიც ასრულებენ პროფესორების მითითებებს და მათი დავალებით ახორციელებენ სხვადასხვა სამეცნიერო ხასიათის აქტივობებს.