,,როცა მეცნიერება ხვდება ხელოვნებას" - სემიოტიკის მე-13 სამეცნიერო კონფერენცია!
ორშაბათი, 06 ნოემბერი, 2023
სემიოტიკის მე-13 სამეცნიერო კონფერენცია
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი GAU
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა
სემიოტიკის კვლევითი ცენტრი
გიწვევთ
სემიოტიკის მე-13 სამეცნიერო კონფერენციაზე: 16 -17 დეკემბერი, 2023 წელი
თემა: როცა მეცნიერება ხვდება ხელოვნებას
"მეცნიერება და ხელოვნება ერთმანეთთან ახლოსაა, რადგან ორივე წარმოადგენს გონების აქტივობას, რომელიც ემორჩილება გარკვეულ წესებს და მიმართულია სამყაროს შეცნობისაკენ" (იმანუელ კანტი)
ტრადიციულად მიჩნეულია, რომ მეცნიერება და ხელოვნება – სამყაროს ორი განსხვავებული აღწერაა. თანამედროვე სამყაროში იმდენად მყარია ეს აზრი, რომ წარმოუდგენლად გვეჩვენება, რომ მათ, შესაძლოა, გადაკვეთის წერტილებიც (და არა მხოლოდ წერტილები) ჰქონდეს.
ხელოვნებისა და მეცნიერების კავშირი ახალი ტენდენცია სულაც არ არის. ლეონარდო და ვინჩიმ შეისწავლა ადამიანის სხეული როგორც მხატვრულად, ასევე მეცნიერულად, გალილეო სწავლობდა ხელოვნებას, რათა უკეთ გამოესახა ტელესკოპით ნანახი, პიკასომ კი მათემატიკა და ტექნოლოგია ხელოვნებაში შეაერთა და მიიღო კუბიზმი.
გენიოსთა უმრავლესობა მხოლოდ ერთი დარგის ცოდნით არ შემოიფარგლებოდა. 21-ე საუკუნემ კი ეს ტენდენცია გაააქტიურა. სამყაროს, რომელსაც ერთი ფუნდამენტი აქვს და მრავალი ფორმით გამოიხატება, განსხვავებულ ფორმათა სინთეზი კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. სინამდვილეში, ყველაფერი ყველაფერთან კავშირშია.
მოხსენებების წარმოდგენა შეუძლიათ მეცნიერებსაც და ხელოვანებსაც.
მოხსენებები მიიღება აგრეთვე შემდეგი მიმართულებით:
- ენისა და ლიტერატურის სემიოტიკა
- კულტურის სემიოტიკა
- სემიოტიკის ისტორია და თეორია
კონფერენციაზე იმუშავებს ცალკე სექცია მაგისტრანტ-დოქტორანტებისთვის;
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია 2023 წლის 15 ნოემბრამდე;
შერჩეული მოხსენებების შესახებ ავტორებს ეცნობებათ პერიოდულად;
კონფერენციის შემდეგ შერჩეული მოხსენებები დაიბეჭდება სამეცნიერო ჟურნალ ”სემიოტიკის” 23-ე ნომერში.
კონფერენციის სამუშაო ენაა: ქართული
კონფერენცია გაიმართება ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, პირისპირ რეჟიმში.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: ფეისბუკის სემიოტიკის კვლევითი ცენტრის გვერდზე.
რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/3M4nAcN