AI Lab-ის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით, 2024 წლის 17 ივნისს გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „ხელოვნური ინტელექტი: კვლევა და მომავალი“. ღონისძიება ჩატარდა ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.
კონფერენციის მიზანი იყო:
- ხელოვნური ინტელექტის სფეროში ახალგაზრდა მკვლევრების მხარდაჭერა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა;
- საქართველოში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მიღწეული შედეგებისა და ინოვაციური პროდუქტების წარმოჩენა და მათი პოტენციალის ხაზგასმა;
- ხელოვნური ინტელექტის მიმართ სკოლის მოსწავლეების, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისა და ახალგაზრდების ინტერესის გაღვივება და ამ სფეროში მათი ჩართულობის გაზრდა.
ღონისძიება მოიცავდა მთავარ მოხსენებებს, პანელურ დისკუსიებსა და სამუშაო შეხვედრებს, რომლებსაც ახალგაზრდა ქართველი მკვლევრები უძღვებოდნენ. მომხსენებლებმა მონაწილეებს გაუზიარეს ინფორმაცია მიმდინარე კვლევების შესახებ და წარადგინეს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროდუქტები.
სესიაზე მოხსენებებით წარდგნენ ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების სფეროს წამყვანი სპეციალისტები, მათ შორის ლაშა ფანცხავა, ნათია კუხილავა და რაფაელ კალანდაძე. მათ ისაუბრეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე საბანკო სფეროში, ემოციების ამოცნობის ტექნოლოგიებსა და საქართველოში პირველი დიდი ენობრივი მოდელის შექმნაზე, რითაც მონაწილეებს ამ მიმართულებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს.
ღონისძიების ფარგლებში AI Lab-ის თანადამფუძნებელმა და ტექნიკურმა დირექტორმა, რაფაელ კალანდაძემ, აუდიტორიას გააცნო გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ცხრათვიანი პროგრამა. მან ისაუბრა პროექტის პარტნიორებსა და მხარდამჭერებზე, წარადგინა ტრენერები და მონაწილეებს გააცნო პროექტის მიზანი და ამოცანები.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელმა, გიორგი თუთბერიძემ, წარადგინა AI Lab-ისა და GAU-ს სტუდენტების თანამშრომლობის შედეგები და ისაუბრა თემაზე — „როგორ ვასწავლეთ ქართულ ხელოვნურ ინტელექტს კანონებზე საუბარი“.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი ნინო ბოგვერაძე მონაწილეობდა დინამიკურ პანელურ დისკუსიაში თემაზე — „გენერაციული ხელოვნური ინტელექტი: კვლევიდან პროდუქტამდე“. დისკუსიას უძღვებოდნენ დარგის წარმომადგენლები, რომლებმაც მონაწილეებს შორის აქტიური პროფესიული დიალოგის წარმართვას შეუწყვეს ხელი. პანელში სხვადასხვა სექტორის ექსპერტები მონაწილეობდნენ, რამაც აუდიტორიას ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების პრაქტიკული გამოყენებისა და განვითარების სამომავლო მიმართულებების განხილვის შესაძლებლობა მისცა.
ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ TBC და Impel Inc.