ფულის გათეთრების აღკვეთის ღონისძიებების შემსწავლელი სასერტიფიკატო კურსის (AML) მე-7 და მე-8 ნაკადის გამოშვება
ოთხშაბათი, 11 დეკემბერი, 2024
7 დეკემბერს (2024) ფულის გათეთრების აღკვეთის ღონისძიებების შემსწავლელი სასერტიფიკატო კურსის (AML) მე-7 (ფიზიკურ სივრცეში) და მე-8 (ონლაინ ფორმატში) ნაკადების გამოსაშვები ცერემონია გაიმართა. დიპლომების გადაცემის ცერემონიალს კურსის ხელმძღვანელი ეფემია ლორია და უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა ნიშნიანიძე ესწრებოდნენ.
პროგრამა მთლიანად დამყარებულია სწავლების ინტერაქციულ მეთოდზე, მოიცავს როგორც თეორიულ მომზადებას, ასევე პრაქტიკული სავარჯიშოებს, სიმულაციებსა და დისკუსიებს. პროგრამა იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, ვინც გადაწყვიტა დასაქმდეს ან აიმაღლოს კვალიფიკაცია AML სპეციალისტის, ოფიცრის თუ მენეჯერის პოზიციაზე იმ ფინანსურ და არაფინანსურ სექტორში, რომლებზეც ვრცელდება საქართველოს კანონი: „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ .
წარმოგიდგენთ კურსდამთავრებულთა შეფასებებს:
"პირველ რიგში, მომეწონა ტრენერების კვალიფიკაცია და კეთილგანწყობა, დაუღალავად რომ ატარებდნენ ტრენინგს კითხვა-პასუხის რეჟიმში. უფრო მეტი ინტერესი გამიჩნდა საგნის მიმართ და ჩემს მომავალ პროფესიადაც მოვიაზრებ. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ეს სფერო ამოუწურავია და მუდმივ განახლებას მოითხოვს, იმდენად ჩემთვის მარტივად გასაგებ ენაზე გვიხსნიდნენ, რომ უფრო მეტი ინტერესი გამიჩნდა. პიროვნულად არაჩვეულებრივი, გამორჩეულად კარგი გადმოცემის უნარი აქვთ. ჩემი დიდი რეკომენდაცია და სიყვარული ყველა ტრენერს."
"აბსოლუტურად ყველა ტრენერს ვაფასებ ,როგორც საუკეთესოს. უზომოდ საინტერესო ტრენინგი, რომელიც მოიცავდა არა მხოლოდ კანონებსა და მათ განხილვას, არამედ AML -ის როლის, მნიშვნელობის დაკავშირებას ისტორიულ, გეოპოლიტიკურ საკითხებთან და დღევანდელ რეალობასთან. არაერთხელ გავაზიარე ჩემი აღფრთოვანება, თუმცა აქაც გავაკეთებ უკუკავშირს, რომ მე მსგავს საინტერესო ტრენინგზე აქამდე არ ვყოფილვარ, რისთვისაც უდიდესი მადლობა თქვენ!"
"ყველაზე მეტად ენთუზიაზმით და პროფესიის სიყვარულით სავსე ლექტორებით მოვიხიბლე. ძალიან საინტერესო სალექციო საათები იყო და დიდი ცოდნა მივიღე."
GAU კურსის კურსდამთავრებულებს წარმატებასა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას უსურვებს!