2026 წლის 7-11 სექტემბერს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში გამართულ 36-ე EAIE საერთაშორისო განათლების კონფერენციასა და გამოფენაზე წარდგა.
EAIE (European Association for International Education) საერთაშორისო განათლების ევროპული ასოციაციაა, რომლის მიზანია საერთაშორისო განათლების განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობა როგორც ევროპაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
EAIE 2026-მა მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან 6 700-ზე მეტი მონაწილე გააერთიანა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საერთაშორისო განათლების სფეროს წარმომადგენლები და პროფესიონალები.
კონფერენციისა და გამოფენის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაეზიარებინათ გამოცდილება და ცოდნა, გაცნობოდნენ საერთაშორისო განათლების სფეროში არსებულ სიახლეებს, დაემყარებინათ ახალი პროფესიული კავშირები და განეხილათ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.
GAU-ს მონაწილეობა EAIE 2026-ში უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოებასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნას ემსახურება.