სიახლეები და ღონისძიებები

გაცვლითი პროგრამის სტუდენტების ინტერვიუ - გიორგი გიორგობიანი

გაცვლითი პროგრამის სტუდენტების ინტერვიუ - გიორგი გიორგობიანი

ხუთშაბათი, 17 დეკემბერი, 2020

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ბიზნესის სკოლის სტუდენტი, გიორგი გიორგობიანი Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ერთი სემესტრის განმავლობაში იმყოფებოდა იტალიაში, ლაკვილას უნივერსიტეტში (University of L'Aquila).

1. მოგვიყევით როგორ გაიგეთ ჩვენი გაცვლითი პროგრამის შესახებ, რამ მოგხიბლათ (ადგილმა, უნივერსიტეტმა თუ სხვა ფაქტორებმა)?

განცხადება გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით GAU-ს ოფიციალურ “Facebook” გვერდზე შემხვდა. ჩემს ინტერესებსა და სურვილებში ყოველთვის იყო უცხოეთში, განსაკუთრებით კი ევროპაში, სწავლა. როდესაც ვნახე, რომ გაცვლითი პროგრამა იტალიის უნივერსიტეტში იყო ძალიან დავინტერესდი, რადგან ამ პროგრამაში მონაწილეობით საშუალება მომეცემოდა შემეცნო ევროპული განათლების მეთოდები და ცხოვრების სტილი.

2. რა პროცესები გაიარეთ ამ პროგრამაში ჩართვისთვის, როგორი იყო უნივერსიტეტის მხრიდან მხარდაჭერა, მზაობა, ღიაობა და რამდენად მარტივი ან რთულია GAU-ს გაცვლითი პროგრამებით სარგებლობა ჩვენივე სტუდენტებისთვის?

პროცედურები იყო ძალიან გამჭვირვალე და სამართლიანი. ჩემი აზრით, ყველა ნაბიჯი იყო სტანდარტული, რადგან ნებისმიერი აპლიკაცია და რაიმე მსგავსი ტიპის პროგრამა მოიცავს ყველა იმ საფეხურს, რაც მე გავიარე. ძალიან კმაყოფილი ვარ ყველა ტიპის ოპერაციით, რომელიც ჩემმა უნივერსიტეტმა შემომთავაზა, ხარისხი ნამდვილად იყო მაღალი.

3. რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა, რისი მომტანია ეს გამოცდილება სტუდენტისთვის?

ვფიქრობ, რომ ყველა სტუდენტმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა მიიღოს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის გამოცდილება, რადგან ამ დროს საშუალება გეძლევა აღმოაჩინო უამრავი ახალი ფასეულობა, ინტერესები, თავგადასავლები, რაც ჩამოყალიბებაში ძალიან ეხმარება ნებისმიერი ტიპის ადამიანს. ჩემს შემთხვევაში, მოიტანა უამრავი გამოცდილება, მეტი განათლება, ახალი ინტერესები და შეხედულებები, რაც ძალიან მეხმარება ახლაც პიროვნულ და კარიერულ ზრდა-განვითარებაში.

4. რამდენად განვითარდა თქვენი კარიეული წინსვლები, ცოდნა. გაგვიზიარეთ გამოცდილება.

ძალიან ფასობს საქართველოში მსგავსი გამოცდილებები, რადგან ეს ავტომატურად ნიშნავს სტუდენტის/პიროვნების დამოუკიდებლობას, მაღალი დონის განათლებასა და ბრძოლის უნარის ქონას, რაც ყველასთვის ძალიან პრიორიტეტული და საინტერესოა. მე იტალიაშივე გავგზავნე თიბისი ბანკის ვაკანსია, რაზეც ძალიან მალევე მივიღე თანხმობა. ბევრ სიტუაციაში დამეხმარა და საამაყო ადგილი დამაკავებინა მსგავსმა გამოცდილებამ.

5. რა იყო ყველაზე საინტერესო იმ უნივერსიტეტში, რისი გაზიარებაც ან დანერგვაც გსურთ ჩვენთან, GAU-ში?

ძალიან კმაყოფილი ვარ გარემოთი, სადაც მომიწია სწავლა. იყო მცირე განსხვავებები მშობლიურ უნივერსიტეტთან შედარებით მაგრამ არა ისეთი, რაზეც შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ დასანერგი გვაქვს.

6. გაიხსენეთ ყველაზე უცნაური, fun, გასაკვირი ან საინტერესო ამბავი რაც იქ გადაგხდათ.

ყველაზე საინტერესოც, სახალისოც და გასაკვირიც ჩემს შემთხვევაში იყო მოგზაურობა, შეცნობა ახალი კულტურის, ახალი ლოკაციების აღმოჩენა, ახალი ურთიერთობები და ახალი დამოკიდებულებები ყველაფრის მიმართ, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. ახალი მეგობრები განსხვავებული ინტერესებითა და შეხედულებით ადამიანს ძალიან ეხმარება განვითარებაში და რაღაცების გადაფასებაში სასიკეთოდ, რა თქმა უნდა.

7. რას ურჩევთ სტუდენტებს, რომლებიც გაცვლით პროგრამაში მონაწილეობაზე ფიქრობენ/უნდათ/აპირებენ?

აუცილებლად უნდა წავიდნენ, რადგან იქ იპოვიან უამრავ საინტერესო თავგადასავალს, გაარღმავებენ თავიანთ განათლებას, აღმოაჩენენ ახალ გარემოს ახალი შეგრძნებებითა და გრძნობებით სავსეს, რაც ვფიქრობ, რომ მთელი ცხოვრება გაყვებათ და ყოველთვის ძალიან ბედნიერად გაახსენდებათ, რაც ძალიან საჭიროა ადამიანის ცხოვრებაში. (ნათელი და ბედნიერი მოგონებები)

8. რას გვეტყვით უნივერსიტეტის პროფესორებზე? გარდა მათი კვალიფიკაციისა,როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მათ სტუდენტებთან? მაგალითად, მზად იყვნენ აღმოეჩინათ დახმარება და გაეცათ პასუხები თქვენს შეკითხვებზე? მეგობრულები იყვნენ?

კი, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ იყვნენ მეგობრულები და მეტ ძალისხმევას იჩენდნენ ჩვენთვის, რაშიც ვგულისხმობ დამატებით ლექციებს ან შეხვედრებს ჩვენთან, რომელიც მიმდინარეობდა ინგლისურად. ცდილობდნენ, მაღალი ხარისხით მოეწოდებინათ ის, რაც მათ კომპეტენციაში შედიოდა. ძირითადად ეკონომიკის საგნები იყო, რამაც კიდევ უფრო დამაინტერესა და შემაყვარა აღნიშნული მეცნიერება და დამარწმუნა მის მნიშვნელობაში.

9. მოგვიყევით სტუდენტურ ცხოვრებაზე, რა აქტივობები ხორციელდებოდა ამ მიმართულებით უნივერსიტეტში  და როგორი იყო თქვენი ჩართულობა?

იმართებოდა საკმაოდ ხშირად სხვადასხვა ტიპის ღონისძიება, კვირაში ერთხელ მაინც გავდიოდით სადმე ერთად. ხშირად იყო კულტურული და შემეცნებითი ექსკურსიები ქალაქის გარშემო, სადაც ყოველთვის დავდიოდი, რადგან ეს მეხმარებოდა სტუდენტებთან დაახლოებაში, კულტურის უფრო მეტად შესწავლაში და ახალი გამოცდილებების შეძენაში.

10. ლაკვილას უნივერსიტეტში ალბათ მსოფლიოს მრავალი კუთხიდან ჩასული სტუდენტები სწავლობენ, რა მოგცათ ამ კულტურულმა მრავალფეროვნებამ? ადვილად დაამყარეთ ურთიერთობები? ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ?

მშობლიურ უნივერსიტეტშიც საერთაშორისო ჯგუფში ვსწავლობ, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რადგან კულტურული განსხვავებები მეხმარება აღმოვაჩინო ახალი ფასეულობები. ახალი მეგობრები შევიძინე, რომლებთანაც სოციალური ქსელის დახმარებით დღესაც მაქვს კონტაქტი და ძალიან მეხმარება პიროვნულ განვითარებაში.

11. იყო თუ არა ინტერესი საქართველოსა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიმართ სტუდენტების ან პროფესორების მხრიდან?

საქართველო უმეტესობამ საერთოდ არ იცოდა სად იყო, არ იცნობდნენ როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, მაგრამ ხშირად ხდებოდა ინფორმაციის გაზიარება, რათა გაეგოთ ჩვენი ქვეყნის შესახებ, რაც ძალიან აინტერესებდათ და უფრო მეტად ინტერესდებოდნენ.

12. შეგიძლიათ ჩამოგვითვალოთ ის ძირითადი ფაქტორები, რითიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ამ პროგრამის ფარგლებში შეძენილი გამოცდილება?

განათლება, დამოუკიდებლობა, კულტურული ზრდა, ახალი ლოკაციები, საინტერესო მეგობრები, უგემრიელესი სამზარეულო და ტკბილი მოგონებები.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა