არჩილ იაკობაშვილი (საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი)
ხუთშაბათი, 04 თებერვალი, 2016
ფინანსური სტაბილურობა - საქართველოს უსაფრთხოების წინაპირობა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ბიზნესის სკოლის სრული პროფესორი არჩილ იაკობაშვილი ერთ-ერთია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) საბჭოს წევრობის კანდიდატთა შორის. ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში სამეცნიერო-პედაგოგიური სამსახურის პარალელურად არჩილ იაკობაშვილი 2007 წლიდან დღემდე სებ-ში ფინანსური ბაზრების დეპარტამენტში სავალუტო რეზერვების პორტფელის მენეჯერის თანამდებობას იკავებს.
სებ-სა და GAU-ს შორის თანამშრომლობას ჯერ კიდევ 2008 წელს სებ-ის მაშინდელი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბ-ნ დავით ამაღლობელის მიერ ჩაეყარა საფუძველი: „ ამ ხნის მანძილზე არჩილ იაკობაშვილი უნივერსიტეტის პროფესორი გახდა, სებ-ის მრავალი თანამშრომელი მოწვეულ ლექტორად მუშობს GAU-ში, სებ ხშირად მართავს საჯარო ლექციებს GAU-ში, GAU-ს მრავალმა სტუდენტმა გაიარა სასწავლო პრაქტიკა სებ-ის სხვადასხვა დეპარტამენტებში, მონაწილეობენ სებ-ის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო-ფინანსურ ღონისძიებებში, აქვეყნებენ თავიანთ სამეცნიერო სტატიებს სებ-ის ჟურნალში „ეკონომიკა და საბანკო საქმე...'' დღეს GAU-ს ოცამდე კურსდამთავრებული არის სებ-ში დასაქმებული. აღნიშნულმა თანამშრომლობამ ხელი შეუწყო იმას, რომ GAU, რომელიც 2006 წელს ამერიკელი მეცენატებისა და პარტნიორების დახმარებით დაფუძნდა, საქართველოში თანამედროვე ფინანსური მათემატიკისა და განათლების კერა გახდა.''
აქვე გთავაზობთ სებ-ს საბჭოს წევრის არჩევნებში პროფესორ არჩილ იაკობაშვილის სამოქმედო პროგრამას (ავტორის სტილი დაცულია):
პრიორიტეტები:
- ეროვნული ბანკის საბჭოს ინსტიტუციონალური გაძლიერება – საბჭოს სრული ჩართულობა მონეტარულ და საზედამხედველო პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში, ცენტრალური ბანკირის კარიერული პერსპექტივის ხელშეწყობა და სპეციფიური განვითარება, ეროვნული ბანკის მეტი გამჭვირვალობა და გახსნილობა საზოგადოების წინაშე.
- მთავრობასთან კრიტიკული დიალოგი და მიზანდასახული თანამშრომლობა – ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული (და არა - დამოკიდებული) სახელმწიფო ფინანსების მართვა, დერეგულაციებზე მიმართული დარგობრივი და რეგიონალური რეფორმების შესაბამისად საბიუჯეტო ხარჯების სტრუქტურისა და საგადასახადო სისტემის რეფორმა, დეფიციტური ხარჯვის ნულოვან ნიშნულამდე ეტაპობრივად შემცირება ეროვნული ბანკის ღია ბაზრების ოპერაციებისა და რეფინანსირების ინსტრუმენტების დახმარებით.
- ანტიინფლაციური მონეტარული პოლიტიკა – ფულადი მასის ოპტიმალური კონტროლი, მონეტარული მიწოდების ზომიერად შეზღუდვა და ლიკვიდობის სიჭარბის დროებით მაქსიმალურად განეიტრალება, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის რეორიენტაცია დანაზოგებზე, კერძო სექტორში მოხმარების წახალისება მთავრობის დახმარებით.
- სავალუტო რეჟიმის მოქნილობა, რეგიონალური კოორდინაცია და კაპიტალის ბაზრების განვითარება – თავისუფლად მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში დოლარიზაციის როგორც მოცემულობის (და არა პრობლემის), ხოლო უცხოური ვალუტის დეფიციტურობის, როგორც სტრუქტურული გამოწვევის აღქმა სავალუტო ბაზარზე, სავალუტო ნაკადების ხელშეწყობა პორტფელური ინვესტიციების მოზიდვით როგორც სახელმწიფო, ისე უპირველესად კერძო სექტორში, წერტილოვანი ინტერვენციები მოკლევადიანი და საშუალო ზომის საგარეო შოკების განმუხტვისათვის, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში კასეტური ინტერვენციები მთავარი სავაჭრო-საინვესტიციო პარტნიორი ქვეყნების (აზერბაიჯანი, უკრაინა, თურქეთი) ცენტრალურ ბანკებთან მკაცრი კოორდინაციის პირობებში.
- ფინანსური ზედემხედველობის ლიბერალიზაცია – ფინანსური ბაზრების მიკრო–სტრუქტურული რისკებისა და მაკროპრუდენციული გამოწვევების სისტემატიზაცია, ეროვნული ბანკის მიერ მკაცრად განსაზღვრულ ფარგლებში ზედმხედველობის მეთოდების შემდგომი დახვეწა, კრიტერიუმების მიზანმიმართული (და არა შერჩევითი ან მასიური) შემსუბუქება როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური საინვესტიციო ფონდების, სადაზღვევო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წახალისების მიზნით.