იდიომები ქართულსა და აზერბაიჯანულში
პროექტის განმახორციელებელი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ენისა და კულტურის კვლევითი ინსტიტუტი
პროექტის ტიპი: საგანმანათლებლო-კვლევითი პროექტი
პროექტის განხორციელების თარიღი: 2020-2021
პროექტის ფინანსური მხარდაჭერა: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
პროექტის აღწერა:
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მულტიენობრივ კვლევებს. ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი საინტერესო საკითხია იდიომების აღწერა განსხვავებული ენების მიხედვით. ზოგადად, მყარი შეხამებანი ნათლად გამოხატავს ერისა და ხალხის გონებრივ თუ სულიერ გამოცდილებას. იდიომები ჰქვია ორი ან მეტი სიტყვის შეკავშირებისაგან წარმომდგარ დაუშლელ გამოთქმას, რომლის მნიშვნელობაც არ უდრის მასში შემავალი სიტყვების მნიშვნელობათა ჯამს.
პროექტი მიზნად ისახავს ქართულ და აზერბაიჯანულ ენებში ყველაზე ხშირად გამოყენებული იდიომების აღწერასა და შედარებას, რაც მთავარია, მათს ენობრივ ანალიზს. პროექტში, რომელიც ფაქტობრივად კვლევითი ნაშრომის სახით იქნება წარმოდგენილი, ყურადღება გამახვილდება იმ ტიპის იდიომებზე, რომლებიც ერთსა და იმავე აზრს გადმოსცემენ ქართულ და აზერბაიჯანულ ენებში; გამოიყოფა, თუ რა ენობრივი საშუალებებით არის გამოხატული ერთი და იგივე სათქმელი ორ ენაში. მასალა გაანალიზდება შემდეგი ლექსიკური ერთეულების გათვალისწინებით:
იდიომები, რომელთა შექმნაში მონაწილეობს ადამიანთა სხეულის ნაწილების აღმნიშვნელი სიტყვები. მაგ.: „გულზე გასკდა“, „თვალზე ლიბრი აქვს გადაკრული“, „ენა ექავება“ და სხვ.
იდიომები, რომელთა შექმნაში მონაწილეობს ბუნებისა და მისი მოვლენების აღმნიშვნელი ლექსიკური ერთეულები. მაგ.: „მიწამ პირი უყო“, „ცას ეწია“, „ნისლი გადაეფარა“ და ა. შ.
პროექტი შეუწყობს ხელს ორი ტიპოლოგიურად განსხვავებული ენის ─ ქართულისა და აზერბაიჯანულის ─ ლექსიკური ფონდის ამ მეტად მნიშვნელოვანი სფეროს შესწავლას.
კვლევა საფუძვლად დაედება ქართულ-აზერბაიჯანულ იდიომთა მოკლე ლექსიკონის შექმნას. პროექტში ჩართულები იყვნენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის ქართული ფილოლოგიის მიმართულების მე-3 კურსის სტუდენტები: ნ. გასანოვი, ს. შველიძე, ა. ბრეგვაძე, მ. დალაქიშვილი, ს. ჩემინავა, ლ. ხინიკაძე.