გიორგი კალანდია
გიორგი კალანდია
ისტორიკოსი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი
მოწვეული ლექტორი
გიორგი კალანდია დაიბადა 1975 წლის 31 მარტს თბილისში. 1992 წელს დაასრულა თბილისის 187-ე საშუალო სკოლა. 1996 წელს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, 2007 წელს ევროკავშირის პოლიტიკური სკოლა (სტრასბურგი), 2011 წელს კი ოქსფორდის უნივერსიტეტის დუბლინის ECM კოლეჯი (ინგლისური ენა).
2004–2011 წლებში გიორგი კალანდიას ხელმძღვანელობით თურქეთში ეწყობა რამდენიმე სამეცნიერო ექსპედიცია, რომელიც მიზნად ისახავს საზღვარს მიღმა მცხოვრები ქართველების („ჩვენებურები“) ტრადიციების, ფოლკლორისა და ენის თავისებურებების შესწავლას. ექსპედიციების დროს ფირზე დაფიქსირდა ათეულობით ქართული სოფელი, ფოლკლორის ნიმუში და ისტორიული ძეგლი.[1]
2004 წელს ტელეკომპანია „მზის“ ბაზაზე მომზადდა ლაზეთის შესახებ პირველი დოკუმენტური ფილმი „მზერა ლაზეთიდან“[2]. ამავე წელს გ. კალანდიას ექსპედიცია ფირზე აფიქსირებს ქართულ ისტორიულ ძეგლებსა და სოფლებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.
2006 წელს გ. კალანდიას ხელმძღვანელობით ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მოწყობილი ექსპედიციის დროს ფირზე დაფიქსირდა ფერეიდანში მცხოვრებ ქართველთა ყოფა–ცხოვრება და ტრადიცია. ასევე ქალაქ ისპაჰანში არსებული ქართული ისტორიული წარწერები და სხვა.
2006 წელს მისმა სამეცნიერო ექსპედიციამ მოამზადა პირველი სამეცნიერო დოკუმენტური ფილმების ციკლი (4 ფილმი) სომხეთში არსებული ქართული კვალის შესახებ. ფილმში შევიდა ახტალისა და ქობაირის ქართული მონასტრების კადრები, მატენადარანში დაცული ქართული ხელნაწერები და სხვა.
2006–2007 წლებში გ. კალანდია მონაწილეობდა სამეცნიერო ექსპედიციაში რომლის მიზანიც ინდოეთში, ქალაქ გოაში არსებული სამონასტრო კომპლექსის და იქ გადმოცემის მიხედვით დაცული ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების გადაღება იყო.
2007 წლის სამეცნიერო ექსპედიციის დროს გიორგი კალანდიამ პარეხთას სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აღმოაჩინა აქამდე უცნობი ნუსხური წარწერა, რომელშიც ბაგრატ კურაპალატი მოიხსენიება. ამავე წელს მან ფირზე დააფიქსირა ქალაქ ლისაბონში დაგრასას მონასტერში არსებული ქეთევან წამებულის ცხოვრებისა და მოწამეობრივი აღსასრულის ამსახველი უნიკალური პანო.
2007 წელს სამეცნიერო ექსპედიცია მისი ხელმძღვანელობით ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკას ესტუმრა, სადაც ფირზე დაფიქსირდა ის ისტორიული ადგილები თუ ძეგლები, რომლებიც ქართველ მამლუქთა მოღვაწეობას უკავშირდებოდა.
2007 წელს გიორგი კალანდიას ექსპედიციამ ასევე პირველად მოამზადა დოკუმენტური ფილმები ბალკანეთის ნახევარკუნძულზე არსებული ქართული კვალის შესახებ. ფილმში ასახულია სამეგრელოს უფლისწულის ნიკოლოზ დადიანის, თავადი წერეთლის, გრიგოლ ბაკურიანის ძის როლი ბულგარეთის ისტორიაში. ასევე დაფიქსირებულია სოფიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერი „პეტრიწონის ტიპიკონი“
2008 წელს გიორგი კალანდიამ მოამზადა პირველი ბიოგრაფიული ფილმი ლაზი მომღერლისა და საზოგადო მოღვაწის ქაზიმ ქოიუნჯუს შესახებ.
2009 წელს გიორგი კალანდია (ქ. ასათიანთან ერთად) ექპედიციას აწყობს ქალაქ ანისში ტიგრან ჰონენცის ტაძრის შესასწავლად და 17 უცნობ ქართულ წარწერას აქვეყნებს.
2010–2011 წლებში მისი მონაწილეობით მოეწყო სამეცნიერო ექსპედიციები იერუსალიმსა და საბერძნეთში, მომზადდა დოკუმენტური ფილმები იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტრის და კოლხი მედეას ტრაგიკული ისტორიის შესახებ.
2011 წელს გიორგი კალანდიას ექსპედიციამ შეისწავლა და პირველად გამოაქვეყნა (თანავტორი ქ. ასათიანი) იშხნის ტაძრის სამხრეთ კედელზე არსებული უცნობი ასომთავრული წარწერები.
2011–2012 წლებში ირლანდიაში გიორგი კალანდიამ ორი სამეცნიერო ექსპედიცია განახორციელა. პირველი ექსპედიცის დროს დუბლინიდან საქართველოში გიორგი ერისთავის ბიბლიოთეკის ნაწილი ჩამოიტანეს, მეორე ექსპედიციის დროს კი ცნობილი ქართველი მსახიობისა და საზოგადო მოღვაწის მაკო საფაროვას მემკვიდრეებისა და არქივის შესახებ დოკუმენტური ფილმი მომზადდა.
2012 წელს გიორგი კალანდიას ექსპედიციამ სომხეთში, ქობაირის მონასტერში მიაკვლია და გამოაქვეყნა (ქ. ასათიანის თანავტორობით) ის ეპიტაფიები, რომლებიც უცნობი იყო და XIII-XIV საუკუნეების საქართველოს ხელისუფლებისა თუ მაღალი სამხედრო არისტოკრატიის წარმომადგენლებს ეკუთვნოდა.
უცხოეთში ქართული ისტორიული კვალის ძიებასთან ერთად გიორგი კალანდიას სამეცნიერო ინტერესს დასავლეთ საქართველოს ისტორია წარმოადგენს. მან პირველმა შეისწავლა და გამოაქვეყნა ცაიშის, ხობის, მოქვისა და დრანდის ეპისკოპოსთა ქრონოლოგიური რიგები. დეტალურად აღწერა ცაიშის ფრესკული მხატვრობა, შეისწავლა წალენჯიხის მონასტრის ეკვდერთა მოხატულობა, ბედიის საეპისკოპოსოს ისტორია, საზღვრები, ყმა–მოლაშქრეები.
2017 წელს გიორგი კალანდიას ხელმძღვანელობით განხორციელებულმა პროექტმა „ქსოვილი საქართველოდან“ სამეცნიერო კვლევების დარგში ევროპის კულტუტრული მემკვიდრეობის უმაღლესი ჯილდო „ევროპა ნოსტრა“ მიიღო.
2018 წლიდან ტელეკომპანია იმედში უძღვება რუბრიკას „ამბები ხელოვნების სასახლიდან“. 9 აპრილისადმი მიძღვნილ გადაცემაში პირველად აჩვენეს უნიკალური კადრები საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის, მისი მხარდამჭერი მიტინგების დარბევების, სახელმწიფო გადატრიალებისა და გამსახურდიას მომხრეთა სასტიკი დევნის შესახებ. გადაცემას საზოგადოებაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა.
2020 წლიდან არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) მოწვეული ლექტორი.