რუსუდან ციციშვილი

ლექტორები რუსუდან ციციშვილი

რუსუდან ციციშვილი

rusudantsitsishvili@gau.edu.ge

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის დეკანი, დოქტორი, პროფესორი

რუსუდან ციციშვილი არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლებისა  სკოლის დეკანი და  ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი.

რუსუდან ციციშვილმა წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის განხრით. 1976-1979 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის კათედრის ასპირანტი. 1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ტექსტის ლინგვისტიკაში ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად.

მას აქვს პედაგოგიური მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება:

ენების ინტენსიური სწავლების რესპუბლიკური ცენტრი, თსუ, ინგლისური ენის მასწავლებელი; ინგლისური ფილოლოგიის კათედრა, თსუ, ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელი შემდგომში დოცენტი; თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ენების კათედრა, ინგლისური და რუსული ენების მასწავლებელი; სოფლის მეურნეობის საკავშირო აკადემიის საქართველოს განყოფილების უცხო ენების კათედრა, ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელი; თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის  ინგლისური ენის კათედრა, დოცენტი, ამავე უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის კათედრაზე კათედრის გამგე და ინგლისური ენის მასწავლებელი; ლონდონის საერთაშორისო სახლის თბილისის ფილიალი (International House, Tbilisi), ინგლისური ენის მასწავლებელი, სასწავლო ნაწილის გამგე;  შპს სკოლა „ფენიქსის“ დამფუძნებელი, დირექტორი და ინგლისური ენის მასწავლებელი; წმინდა გიორგის საერო სკოლა, მეთოდისტი ინგლისური ენის სწავლების დარგში; ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ინგლისური ენის ლექტორი, პროფესორი.

მრავალი წელია იგი აქტიურ მონაწილეობას იღებს მასწავლებელთა მომზადებისა და გადამზადების საქმეში. რუსუდან ციციშვილი არის საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა პროფესიული ასოციაციის (ETAG) წევრი 1995 წლიდან, საპროექტო ჯგუფის წევრი და ტრენერი. მან არაერთგზის მიიღო მონაწილეობა ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციისა და ბრიტანეთის საბჭოს მიერ ინიცირებულ ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებში როგორც ავტორმა, თანაავტორმა და ტრენერმა.

2000-2002 წლებში მონაწილეობა მიიღო განათლების სამინისტროსა და „ღია საზოგადოება - საქართველოს'' მიერ ორგანიზებულ კიდევ ერთ საგანმანათლებლო პროექტში, რომელიც მიზნად ისახავდა ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების შერჩევას კონკურსის გზით (ინგლისური ენის ექსპერტთა ჯგუფის წევრი).

საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა პროფესიული ასოციაციის (ETAG) წევრისა და ინგლისური ენის მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციის (IATEFL) ნამდვილი წევრის რანგში რუსუდან ციციშვილმა სხვადასხვა დროს მონაწილეობა მიიღო ინგლისური ენის მასწავლებელთა ეროვნული და საერთაშორისო კონფერენციებისა და სემინარების მუშაობაში ბრაიტონში, ზალცბურგში, ადლერში, თბილისში, ბათუმში, თელავსა და ტაბახმელაში.

მას გავლილი აქვს მრავალი პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელი, დარგობრივი ენის სწავლების მეთოდოლოგიის, ენის სწავლების მენეჯმენტისა და ტრენერების მოსამზადებელი კურსები ლონდონში, ნორიჩში, სარეიში (დიდი ბრიტანეთი), პენსილვანიასა (ამერიკის შეერთებული შტატები) და თბილისში.

ამჟამად რუსუდან ციციშვილი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ საგამოცდო ცენტრთან, არის სააპელაციო კომისიის წევრი.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა