ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი განათლების საერთაშორისო გამოფენაზე 2015
შაბათი, 28 თებერვალი, 2015
27-28 თებერვალს საქართველოში მეხუთედ გაიმართა უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების საერთაშორისო გამოფენა. GAU ამ ფორუმში ყოველწლიურად მონაწილეობს. ექსპო ჯორჯიაში გამართულ გამოფენაზე ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა საზეიმო განწყობა შექმნა, იმის გათვალისწინებით, რომ 2015 საიუბილეო წელია - GAU 10 წლის ხდება.
საგამოფენო-საინფორმაციო სტენდი მოხალისე სტუდენტების სიმრავლითა და ინტერაქტიურობით გამოირჩეოდა. დაინტერესებული პირები GAU-ს სკოლების, სიახლეების, სპეციალობებისა და სწავლის გადასახადის შესახებ ინფორმაციის მიღების გარდა, ჩაერთნენ სხვადასხვა სახალისო აქტივობაში: მონაწილეობა მიიღეს GAU-ს სტუდენტების მიერ ორგანიზებულ გათამაშებაში და მოიგეს პრიზები; გადაიღეს ფოტოები GAU-ს ტანტამარესკასთან, რომლებიც პარალელურად იტვირთებოდა GAU-ს facebook გვერდზე; დაწერეს სადაბადებიდღეო სურვილები GAU-ს მოლოცვებისთვის განკუთვნილ სპეციალურ სტენდზე.
განათლების გამოფენაზე იმყოფებოდა GAU-ს პრეზიდენტი, კანცლერი, დამფუძნებლები და დეკანები.
პავილიონში „მოსიარულე GAU-ც” გამოჩნდა - ეს იყო მოძრაობის თეატრის მსახიობი ოჩო ფეხებზე, რომელიც ქართულ-ამერიკულ დროშებში გამოწყობილი GAU-ს საინფორმაციო ბროშურებსა და ტკბილეულს არიგებდა. დღის ბოლოს გამოფენის მონაწილეები და სტუმრები GAU-ს საიუბილეო ტორტზე დაეწვივნენ.
27 თებერვალს გამართულ გალა დინერზე GAU ვიზიტორებთან ყველაზე ეფექტური კომუნიკაციისთვის გამოფენის ორგანიზატორებისგან სერტიფიკატით დაჯილდოვდა.