სიახლეები და ღონისძიებები

ნათია ფანჯიკიძე GAU-ში

ნათია ფანჯიკიძე GAU-ში

სამშაბათი, 22 მარტი, 2016

აჩვენე კალენდარზე

22 მარტს (2016), ლექციათა ციკლის „GAUღე კარი გამოწვევებს“ ფარგლებში GAU-ს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ესტუმრა. საუბრის თემა „თავისუფლება“ მოხსენებისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში საინტერესოდ გაიშალა. ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრ “კამარას” დამფუძნებელი და ბლოგერი შეხვედრაზე ისეთივე გულწრფელი, კეთილგანწყობილი და ტოლერანტული იყო, როგორსაც ნათია ფანჯიკიძეს საზოგადოება ბლოგებითა და პოსტებით იცნობს. 

„თავისუფლებას ფასი არა აქვს, თუ ადამიანს შეცდომების დაშვების თავისუფლება არ ექნება“... „თავისუფლება ფუფუნებაა, რომლის უფლებასაც თავს ყველა ვერ მისცემს“... „თავისუფლება იმის თქმის თავისუფლებაა, რომ ორჯერ ორი ოთხია“... ამ და სხვა გამონათქვამების, მაგალითების მოყვანით ნათია ფანჯიკიძე ადამიანის ერთ-ერთი მთავარი უფლებისა და მისიის ნათელ და რთულ მხარეებს შეეხო. თავისუფლებაში გადახდილი ფასი ზოგჯერ ისეთი მაღალია და თავისუფლებისთვის ბრძოლა იმდენად მძიმე, რომ ჩნდება კითხვა - ღირს კი თავისუფლება ამხელა მსხვერპლად?! „ადამიანი იმ არჩევანშიც კი თავისუფალია, იყოს თუ არა თავისუფალი“- განმარტა მომხსენებელმა და ისიც აღნიშნა, რომ თავისუფლების ტვირთი რეალურად ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანურ გრძნობას - პასუხისმგებლობას უკავშირდება და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა სწორედ თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ.

ნათია ფანჯიკიძემ თავისუფლებისა და ზოგადად სიახლეების შიშზეც ისაუბრა, რომელიც ტოტალიტარული რეჟიმის შთამომავალ საზოგადოებაში ღრმადაა ფესვებგადგმული. სტუდენტების კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება დაიძლიოს ბავშვობიდან გამჯდარი ხასიათი, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უუნარობა და თავისუფლებას მიუჩვეველი ბუნება, GAU-ს სტუმარმა აღნიშნა, რომ ადამიანი ვითარდება სიკვდილამდე. ყველაფერი შესაძლებელია, ყველა სირთულე - დაძლევადი. იმ დარტყმებმა და ტრავმებმა კი, რომლებსაც ცხოვრებისგან ვიღებთ, ჩვენში ახალი აფეთქება უნდა გამოიწვიოს და შემოიტანოს ახალი სხივი.

ლექცია ყველაზე უჩვეულო ჟესტით დასრულდა: მას შემდეგ, რაც ყველანი სამახსოვრო ფოტოს გადასაღებად შევიკრიბეთ, GAU-ს სტუმარს მადლიერების ნიშნად ერთ-ერთმა დამსწრემ ყვავილები მიართვა. ნათია ფანჯიკიძემ იხუმრა, თაიგული პატარძალივით მიჭირავს, თუ ნებას მომცემთ, ჰაერში ავაგდებ და ვინც დაიჭერს, თავისუფლებაც იმასო. ასე თავისუფლად, ჰაეროვნად და ხალისიანად დასრულდა ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური შეხვედრა GAU-ს საჯარო ლექციების ისტორიაში.
 
იხილეთ ლექციის ვიდეო

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა