იღბალი მნიშვნელოვანია,
უფრო ზუსტად კი სწორ დროს და სწორ ადგილზე ყოფნა
ინტერვიუ თორნიკე მოსიაშვილთან,
GAU-ს წარმატებულ კურსდამთავრებულსა და MIT-ის მაგისტრთან
GAU-ს კურსდამთავრებული, თორნიკე მოსიაშვილი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სპეციალური ჯილდოს პირველი მფლობელი გახდა - მას MIT-ის ჯილდო-სტიპენდია 2016 წელს მაღალი აკადემიური მოსწრებისა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა. ამ სტიპენდიით დაიფარა თორნიკეს საგაზაფხულო სემესტრის სწავლის გადასახადი.
თორნიკეს ვთხოვეთ საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა და დეტალურად მოეყოლა GAU-დან MIT-მდე განვლილი გზის შესახებ, რადგან ეს მაგალითი საინტერესო და ამავე დროს საამაყოა როგორც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისთვის, ასევე ყველასთვის, ვინც ქართველი ახალგაზრდების საერთაშორისო წარმატების გულშემატკივარია.
თორნიკე „სწორ დროს და სწორ ადგილზე“ 2006 წელს აღმოჩნდა, როცა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ბიზნესის სკოლის ახლადდაფუძნებულ სპეციალობაზე ჩაბარება გადაწყვიტა. ეს იყო რაოდენობრივი ფინანასები QUANT. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი საქართველოში პირველი უმაღლესი სასწავლებელი იყო, რომელმაც QUANT-ის პროგრამა საგანმანათლებლო სისტემაში დანერგა და თორნიკე 2010 წელს ამ სპეციალობის პირველი გამოშვების კურსდამთავრებული გახდა. „ჩვენ QUANT-ის საპილოტე პროგრამაში მოვხვდით, რაც გარკვეულ რისკთან იყო დაკავშირებული, მაგრამ მოლოდინმა გაამართლა და მე შევიძინე ზუსტად ის პროფესია, რომელიც მინდოდა - მათემატიკის, პროგრამირებისა და ფინანსების ერთობლიობა.“ - ამბობს ჩვენი სტუმარი და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ სიახლეებისთვის მზაობა თუ რისკის შემცველი თამამი ნაბიჯების გადადგმა მის ცხოვრებაში ყოველთვის პოზიტიური შედეგით სრულდება.
სწორედ ასეთ გადაწყვეტილებათა შორის იყო ეროვნული ბანკიდან მუშაობის თიბისი ბანკში გაგრძელება, თიბისი ბანკიდან კი სასწავლებლად ამერიკაში წასვლა.
საქართველოს ეროვნულ ბანკში თორნიკე GAU-ში სწავლის პერიოდში მოხვდა. ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა ბანკის მოთხოვნის შესაბამისად მისი და QUANT-ის კიდევ 5 სტუდენტის მონაცემები წარადგინა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ მოთხოვნით ყველა წამყვან უმაღლეს სასწავლებელს მიმართა და მასშტაბური კონკურსის შედეგად სულ 7 თანამშრომელი აიყვანა, საიდანაც 6 GAU-ს სტუდენტი იყო. ასე დაიწყო თორნიკემ კურსელებთან ერთად ეროვნულ ბანკში მუშაობა. ის 2008-დან 2014 წლამდე ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი იყო. 6 წლის შემდეგ კი ჩათვალა, რომ არსებულ პოზიციაზე თავი ამოწურა და ახალი გამოწვევების დრო დადგა. მან თიბისი ბანკში გამოცხადებულ ვაკანსიაზე წარადგინა რეზიუმე და კონკურსის შედეგად ფინანსური რისკების მენეჯერის პოზიციაზე დაინიშნა. თორნიკეს თქმით, სამუშაო გამოცდილებამ ბევრი რამ ასწავლა. ყველაზე მთავარი კი ის ცოდნა იყო, რომელიც GAU-ში მიიღო და რომლის საფუძველზეც ყველა მოვალეობას წარმატებით გაართვა თავი.
თვითგანვითარებისა და თვითრეალიზების მუდმივი სურვილი - ისევ და ისევ ამ მოტივაციით 2015 წელს თორნიკე მოსიაშვილი თიბისი ბანკიდან წამოვიდა და სწავლა MIT-ის სამაგისტრო პროგრამაზე განაგრძო. აპლიკაციაზე დასტური და დაფინანსება რამდენიმე ევროპული უნივერსიტეტიდანაც მიიღო, თუმცა მის მიზნებს ყველაზე უკეთ მსოფლიოში სფეროს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი - მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი - პასუხობდა.
„ამერიკაში მანამდე ვიყავი ნამყოფი. 2005 წელს მე-11 კლასში „ინტელის სამეცნიერო გამოფენაზე“ თეზისი მქონდა მათემატიკაში და საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს წარმოვადგენდი. მაშინ უფრო დიდი იყო კონტრასტი ჩემს ქვეყანასა და განვითარებულ სამყაროს შორის და მთავარი შთაბეჭდილებები გარემოსგან მივიღე. დღეს ნაკლებად ვარ მატერიალისტი, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ურთიერთობებია და ის ცოდნა-გამოცდილება, რასაც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ვიღებ. ჩვენ გვასწავლიან ისეთი ლექტორები, როგორიცაა ნობელის პრემიის ლაურეატი რობერტ მერტონი და თანამედროვე ფინანსების თეორიის ერთერთი ფუძემდებელი ჯონ კოქსი. კურსზე 120 სტუდენტია, აქედან ორია ამერიკელი, დანარჩენები მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნიდან ვართ ჩასულები. უნდა აღვნიშნო, რომ მე ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს GAU-ში მიღებული საბაზისო ცოდნით - MIT-ში სწავლის ერთი წლის განმვალობაში ჩემთვის არც ერთი საგანი არ ყოფილა სრულიად ახალი, ისეთი, რომელზეც უკვე არ მქონდა ინფორმაცია. ჩემმა უნივერსიტეტმა მე მომცა განათლება, რომელიც აბსოლუტურად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ბევრი სხვა ქვეყნის სტუდენტზე უკეთესი სასტარტო პირობით მოვხვდი MIT-ში, GAU-ში 4 წლიანმა სწავლამ სპეციალობის სიღრმისეული ცოდნა მომცა და ეს სამაგისტრო პროგრამის ათვისებაში ძალიან მეხმარება“ - ამბობს თორნიკე და ქართულ და ამერიკულ საგანმანათლებლო სისტემებს შორის განსხავებებზე კრიტიკულ შედარებას აკეთებს: „კონკრეტულად GAU-სა და MIT-ის პროგრამა და მეთოდიკა საკმაოდ მსგავსია. მთავარი განსხავება სტუდენტის მიდგომაშია. იქ არასდროს არავის მოუვა თავში აზრად გამოცდაზე გადაიწეროს. ასეთი რამ უბრალოდ არ არსებობს... და თუ ეს მაინც მოხდება, სტუდენტი მაშინვე გაირიცხება უნივერსიტეტიდან. ქართულ მენტალობაში კი ნიშნის დაუმსახურებლად მიღების თემა ღრმადაა ფესვებგადგმული და ამის შეცვლას ალბათ თაობები დასჭირდება, თუმცა უნივერსიტეტის ლექტორების სიმკაცრე და აბსოლუტური სამართლიანობა ხელს უწყობს ამ ცუდი ტენდენციის სწრაფად აღმოფხვრას“. თორნიკე იმ 4 წლიან პერიოდს იხსენებს, როცა GAU-ში ლექტორად იმუშავა. როგორც თავად ამბობს, ეს გამოცდილება მისთვისაც ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა, როგორც პროფესიული, ისე ადამიანებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. “ზოგჯერ სტუდენტს შეიძლება ისეთი კითხვა დაესვა, რაზეც მანამდე არ მიფიქრია. ეს მეც მეტი ჩაღრმავების ბიძგს მაძლევდა. მუდამ მქონდა მთავარი პრინციპი: სტუდენტი იმაზე ჭკვიანი გასულიყო ლექციიდან, ვიდრე შემოვიდა. ნიშნებს იოლად არ ვწერდი. შრომას ვაფასებდი, ვინც ცდილობდა, მათ, როგორც წესი, გამოსდიოდათ კიდევაც. თუმცა ჩვენთან ცოტას თუ ესმის, რა არის მეცადინეობა, ის რომ ერთხელ და ორჯერ წაკითხვა არ კმარა, საჭიროა მასალის გაანალიზება და გააზრება. ვისაც ეს ესმის, წარმატებაც აუცილებლად აქვს“. შეკითხვაზე როგორი ურთიერთობებია ამერიკაში სტუდენტებს შორის და გრძნობს თუ არა მეგობრების დეფიციტს, თორნიკე ამბობს, რომ ურთიერთობები ბევრად ზედაპირული და გულგრილია. თუმცა რამდენიმე „ქართული გაგებით“ ნამდვილი მეგობრის შეძენა მაინც მოახერხა. ძირითადად ევროპელ სტუდენტებს დაუახლოვდა და სწავლასთან ერთად გართობის დროსაც ხშირად პოულობს. „ძალიან პირდაპირი, მხიარული და აქტიური“ - ასე ახასიათებენ უცხოელი მეგობრები თორნიკეს. ისინი ხშირად ქართული დამწერლობით, ტრადიციებით, კულტურითაც ინტერესდებიან.
თორნიკე მოსიაშვილს ცოდნასთან ერთად სწორედ აქტიურობა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩართულობა დაუფასდა, როცა MIT-ის ჯილდო-სტიპენდია ორი ფაქტორით გადაეცა: 1. მაღალი აკადემიური მოსწრება და ქულები 2. საუნივერსიტეტო ცხოვრებაში შეტანილი წვლილი.
თორნიკემ კარგი აკადემიური ბიოგრაფიის გათვალისწინებით 2015 წელს, მასაჩუსეტსში ჩასვლისთანავე, მიიღო დეკანის სტიპენდია - GAU-ში ის ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი იყო და ბიზნესის სკოლის დეკანისგან, თემურ ტორონჯაძისგან, ღირებული რეკომენდაცია ჰქონდა. როგორც ბატონმა თემურმა საკუთარ დაწერილ რეკომენდაციაზე იხუმრა, ისეთი წერილი გამოვიდა, მე თვითონ გამიკვირდაო. ხუმრობის გარეშე კი თორნიკეს გავლილი გზა გარანტირებული წარმატების ძალიან ზუსტი მაგალითია.
MIT-ის პრინციპებზე საუბრისას, თორნიკე გვიამბობს იმ პრაქტიკისა და სტაჟირების შესახებ, რომლის საშუალებაც სტუდენტებს ზამთრის არდადეგებისას ეძლევათ. ასე მოხვდა ის უმსხვილეს საინვესტიციო ფირმაში „BlackRock,” რომელიც 4.5 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობის აქტივებს მართავს. თორნიკე კონკურსის წესით აარჩიეს და "BlackRock"-ის ნიუ-იორკის ოფისში ერთი თვის განმავლობაში რისკებისა და რაოდენობრივი ანალიზის დეპარტამენტში ვოლატილობის პროგნოზირების პროექტზე იმუშავა.
და ისევ ჯილდოს მიღების თემას რომ დავუბრუნდეთ, როგორც ჩვენი სტუმარი ამბობს, MIT-ში სწავლისას ერთ-ერთი ისეთი საგანი შეხვდა, რომელიც ნაკლებად საინტერესოდ ეჩვენა და მაინც ბოლომდე დაუდო გული. გამოცდაზეც უმაღლესი ქულა მიიღო და ამ გადასახედიდან ძალიან კმაყოფილია, რომ თითქოს უმნიშვნელო და დაბალკრედიტიან საგანს საკმარისი ყურადღება დაუთმო. თორნიკეს თქმით, ეს უმაღლესი შეფასება რომ არა, მისი საერთო ქულების ჯამიც არ იქნებოდა ასეთი მაღალი და MIT-ის ჯილდო-სტიპენდიას სავარაუდოდ სხვა სტუდენტი მიიღებდა. „ძალიან მნიშვნელოვანია სწორ დროს სწორ ადგილზე ყოფნა“ - აღნიშნავს GAU-ს კუსრდამთავრებული და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს ბევრ ჭკვიან, მოტივირებულ, სწავლაზე ორიენტირებულ სტუდენტს უსურვებს.
„GAU-ში არსებული პროგრამები, მეთოდიკა, მიდგომები, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაფერისი კურიკულუმი და სილაბუსი, პროფესიონალი ლექტორები და სწავლისთვის კომფორტული გარემო ასეთი სტუდენტებისთვის მომავალი წარმატების უპირობო გარანტიაა.“
P.S. საქართველოში ყოფნის ხანმოკლე პერიოდში, GAU-ს სტუდენტების თხოვნით, თორნიკე მოსიაშვილთან შეხვედრა გაიმართა, სადაც მან ბიზნესის სკოლის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.