სიახლეები და ღონისძიებები

GAU-ში ციფრული ტრანსფორმაციისა და განათლების განვითარების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

GAU-ში ციფრული ტრანსფორმაციისა და განათლების განვითარების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

ხუთშაბათი, 19 ნოემბერი, 2026

აჩვენე კალენდარზე

2026 წლის 12 ნოემბერს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია – „ციფრული, მდგრადი და ადამიანზე ორიენტირებული: ტრანსფორმაციის წარმართვა განათლებისა და ინსტიტუციური განვითარების სფეროებში“ გაიმართა. კონფერენცია სამ თემატურ მიმართულებასა და პანელურ დისკუსიას აერთიანებდა.

ღონისძიება ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის დეკანის, ნატა ბაჯიაშვილისა და დუბლინის ტრინიტის კოლეჯის (Trinity College Dublin, the University of Dublin) წარმომადგენლის, პროფესორ ნა ფუს მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნა.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ დუბლინის ტრინიტის კოლეჯის წარმომადგენლები: ლორა ბერი, ჩანგ შენ ლეონგი, მიშელ რაიანი და მარნო ანგა. დისკუსიას, თემაზე „ხელოვნური ინტელექტის მიღმა: რატომ არის მნიშვნელოვანი ადამიანური უნარები“, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი დინა ასლამაზიშვილი უძღვებოდა.

კონფერენციის პირველი თემატური მიმართულება ადამიანზე ორიენტირებულ ლიდერობასა და ციფრულ ტრანსფორმაციას დაეთმო. მოხსენებებით წარდგნენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის წარმომადგენლები: სალომე ჩხეიძე, ილონა ჯოხაძე და სალომე კეკელიძე. მათ განიხილეს ციფრული ცვლილებების მართვაში ადამიანური ფაქტორის, ეთიკური მმართველობისა და ინსტიტუციური განვითარების მნიშვნელობა.

მეორე მიმართულება სწავლა-სწავლების პროცესში ციფრულ ინოვაციებსა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას შეეხო. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის წარმომადგენელმა დავით დარსაველიძემ ისაუბრა სტატისტიკის სწავლებაში ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებასა და დამოუკიდებელი ვალიდაციის მნიშვნელობაზე, ხოლო EKA გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა იოლანტა დინსბერგამ და იულია გალკინამ ინტერაქტიული სასწავლო მასალის შექმნის შესაძლებლობები წარმოადგინეს.

მესამე თემატური მიმართულების ფარგლებში განხილული იყო უმაღლესი განათლების, კარიერული განვითარების, ეკონომიკური აღდგენისა და სოციალური პარტნიორობის საკითხები. მოხსენებებით წარდგნენ EKA გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის წარმომადგენელი ევგენია დეჰტარე და ვარშავის იოზეფ პილსუდსკის სახელობის ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტის წარმომადგენელი ოლივია იაკუბოვიჩი.

კონფერენცია დაიხურა დასკვნითი დისკუსიით – „უნივერსიტეტი საკუთარი საზღვრების მიღმა“, რომელსაც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგენელი ანა ჩორგოლაშვილი უძღვებოდა. დისკუსიაში დუბლინის ტრინიტის კოლეჯის წარმომადგენლები ბრაიან ლემბი და სტივენ რიგნი მონაწილეობდნენ. განხილვის ძირითადი საკითხები იყო ინდუსტრიასთან პარტნიორობა, დაფინანსება, კვლევითი მხარდაჭერა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება.

კონფერენციამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საერთაშორისო აკადემიური გამოცდილების გაზიარებას და უმაღლესი განათლების განვითარების აქტუალურ საკითხებზე პროფესიულ დიალოგს.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა