გაცნობითი პროგრამები

გაცნობითი პროგრამები

GAU თავის მომავალ სტუდენტებთან კომუნიკაციას ჯერ კიდევ სკოლიდან იწყებს. ღონისძიებათა ციკლი მე-9-12 კლასის მოსწავლეებისთვის პროფესიული ორიენტაციის, თვალსაწიერის გაფართოების, კრიტიკული აზროვნებისა და კარიერის დაგეგმვისთვის საჭირო უნარების გაძლიერებას ემსახურება. ამ მიზნით GAU 2014 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებთან. უნივერსიტეტის წარმომადგენლები და მოწვეული ტრენერები მომავალ აბიტურიენტებს სპეციალურ ტრენინგებს უტარებენ, აწვდიან ინფორმაციას მათთვის სასურველი პროფესიების შესახებ და ორიენტირებაში ეხმარებიან. ამ შეხვედრებში აქტიურად მონაწილეობენ GAU-ს სტუდენტური ელჩები, რომლებიც მათივე თაობის წარმომადგენლებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.

Learning by Doing - საზაფხულო ბანაკი აბიტურიენტებისთვის GAU-ს ორგანიზებით 2018 წლიდან ეწყობა. საუკეთესო მოსწავლეების წასახალისებლად ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი ატარებს რამდენიმედღიან გასვლით საგანგებო ტურებს, რომლებიც მოიცავენ: პროფესიული ორიენტაციის ტრენინგსა და პიროვნული უნარების განვითარებას ბოალის უჩინარი თეატრის უნიკალური მეთოდოლოგიით.

ღია კარის დღეები GAU-ში წელიწადში ორჯერ ეწყობა. GAU-ს პრეზიდენტის გაცნობის, დეკანებთან გასაუბრების, პროფესიის სპეციფიკაზე საჭირო ინფორმაციის მიღებისა და GAU-ში ექსკურსიის პარალელურად, აბიტურიენტებს შემეცნებით თამაშებში GAU-ს სასწავლო ვაუჩერის მოგების შესაძლებლობაც ეძლევათ.

აბიტურიენტთა თვე GAU-ში ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება. ეს ის პერიოდია, როდესაც სკოლის მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, სპეციალურად მათთვის შედგენილი გრაფიკით დაესწრონ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში მიმდინარე ლექციებს, გაიცნონ GAU-ს ლექტორები, სტუდენტები და ატმოსფერო, მეტი გაიგონ სასურველი პროფესიის შესწავლის ყოველდღიურ პროცესზე და გააზრებულად მიიღონ გადაწყვეტილება.

სტრესის მართვის ტრენინგი GAU-ში აბიტურიენტების მხარდასაჭერად წინასაგამოცდოდ ტარდება. სტრესული მდგომარეობა, რომელიც შრომისუნარიანობასა და წარმატების ხარისხს ამცირებს, მობილიზებასა და ცოდნის ბოლომდე გამოვლენაში გვიშლის ხელს, მართვადია და მისი სასარგებლოდ გამოყენებაც კი შესაძლებელია. ამისთვის კი სიმშვიდე და სიმშვიდის მოპოვების ტექნიკაა საჭირო, რომელსაც აბიტურიენტებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი, „პარტნიორები-საქართველოს“ ტრენერ-კონსულტანტი და ფსიქოლოგი ასწავლის.

კონკურსები აბიტურიენტებისთვის GAU-ს ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება. მოსწავლეები საკუთარ ნამუშევრებს, ფოტოებს, ესეებს, ბლოგებს თუ პრეზენტაციებს წარმოადგენენ. ღონისძიებათა ნაწილი GAU-სა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლობით ტარდება მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში. გამარჯვებულების დაჯილდოებასთან ერთად მონაწილეებს ერთობლივი სერტიფიკატები გადაეცემათ.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა