ამერიკული განათლება საქართველოში
უმაღლესი განათლების უმაღლესი სტანდარტი
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) 2005 წლიდან ემსახურება განათლების საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას, კონკურენტუნარიანი პროფესიონალებისა და წარმატებული პიროვნებების ჩამოყალიბებას.
GAU აერთიანებს 2,000-მდე სტუდენტსა და 250-მდე ლექტორს 5 სხვადასხვა ფაკულტეტზე:
- ბიზნესის სკოლა (ქართულენოვანი: 1200101, ინგლისურენოვანი: 1200102)
- სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლა (სამართალი: 1200103, დიპლომატია: 1200104)
- ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა (ინფორმატიკა: 1200105, ინჟინერია: 1200106)
- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა და ლიბერალური განათლების სკოლა (ინგლისური ფილოლოგია: 1200107, ქართული ფილოლოგია: 1200108, ისტორია: 1200109,
მედიაპროდუქცია და ვიზუალური მეთოდები დიზაინში: 1200110) - მედიცინის სკოლა (1200111)
GAU გამოირჩევა ინოვაციებით, მათ შორისაა რაოდენობრივი ფინანსების (QUANTS) პროგრამა და ბიზნესის ანალიტიკის მძლავრი კომპონენტი მარკეტინგის, ფინანსებისა და მენეჯმენტის მიმართულებით, პირველი იურიდიული კლინიკა საქართველოში, ულტრათანამედროვე IT ლაბორატორია - ჯეოლაბი, პროფესიული ინგლისური ენის სწავლება ყველა ფაკულტეტზე, სხვადასხვა სტარტაპ პროგრამები და კონკურსები.
GAU-ს ადგილმდებარეობა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, გამწვანებული ეზო და ავტოსადგომი საუნივერსიტეტო ცხოვრებისათვის კომფორტულ გარემოს ქმნის. GAU მუდმივად აუმჯობესებს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასა და აღჭურვილობას, როგორიცაა მაგალითად GAU-ს კომპიუტერული ლაბორატორიები.
სწავლის საფასური
ბიზნესის სკოლა
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 3,600* ლარს.
ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 3,600* ლარს.
სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლა
სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 3,600* ლარს.
საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის საბაკალავრო პროგრამის წლიური გადასახადი შეადგენს 3,600* ლარს.
ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა
ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადია 3,900* ლარი.
ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადია 2,700* ლარი.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა და ლიბერალური განათლების სკოლა
ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადია 3,600* ლარი.
ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადია 2,900* ლარი.
ისტორიის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადია 2,700* ლარი.
მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადია 3,600* ლარი.
მედიცინის სკოლა
დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 4,500* ლარს.
*გადახდა ხდება წელიწადში ორჯერ, თანაბარი გადახდებით, თითოეული სემესტრის დაწყებამდე.
გრანტები
GAU-ს სწავლის საფასური თითოეულ ფაკულტეტზე განსხვავდება. სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში, მოპოვებული გრანტის თანხა აკლდება სწავლის წლიურ საფასურს ოთხი წლის განმავლობაში.
GAU-ში რამდენიმე ტიპის გრანტი და სტიპენდია მოქმედებს:
- TOPგრანტის მიღება შეუძლია ნებისმიერ აბიტურიენტს, რომელიც აირჩევს GAU-ს ნებისმიერ ფაკულტეტს (დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის გარდა) და ერთიანი ეროვნული გამოცდების რეიტინგში მოწინავე 1,000 აბიტურიენტს შორის მოხვდება.
- GAU-ს ყველა ფაკულტეტის წარმატებულ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ სემესტრული სტიპენდიები, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ ფარავს სემესტრის საფასურს! ამისთვის საჭიროა სასწავლო პროცესში აქტიური ჩართულობა და მაღალი აკადემიური მოსწრება!
- სოფო შუბლაძის სახელობის ყოველწლიური საუნივერსიტეტო სტიპენდია - 5000 ლარის ოდენობით.
პროფესურა
GAU-ს გუნდი მაღალკვალიფიციური ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისგან შედგება, რომლებიც ზედმიწევნით ფლობენ საგანს, აქვთ სამეცნიერო ნაშრომები ამ მიმართულებით და/ან არიან სფეროში მომუშავე მოწინავე პრაქტიკოს-პროფესიონალები.
გამოცდილი ლექტორები სტუდენტებისთვის მეგობრულ ატმოსფეროს ქმნიან. GAU-ს პროფესორები ქართველ მეცნიერთა იმ მცირე რიცხვს განეკუთვნებიან, რომელთა სამეცნიერო სტატიებსაც საერთაშორისო რეცენზირებადი იმპაქტ-ფაქტორიანი ჟურნალები აქვეყნებენ. GAU-ს საპატიო დოქტორთა შორის არიან უმაღლესი კვალიფიკაციის მეცნიერები, აშშ-ისა და ევროპის ლიდერი უნივერსიტეტების პროფესორები. GAU-ში მოქმედ კვლევით ცენტრებში სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ლექტორებთან ერთად სტუდენტებიც ეწევიან.
GAU-ს აკადემიური ფილოსოფია არსობრივად (Core value) გამოიხატება მცირერიცხოვანი (Small Classes) ჯგუფების და არაიდეოლოგიზირებული (Ideology free) გარემოს შექმნაში. შესაბამისად, „Student-per-Teacher Ratio” შეადგენს 8-ს, რომლითაც GAU აწესებს მაღალ სტანდარტს რეგიონში და ამით ევროპის საუკეთესო მაჩვენებლებსაც ედრება.
კარიერა
GAU-ს სტუდენტები და კურსდამთავრებულები დასაქმებულები არიან საქართველოსა და მსოფლიოს წარმატებული კერძო კომპანიებისა და საჯარო სტრუქტურების წამყვან პოზიციებზე. დასაქმების მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება.
GAU-ში მოქმედებს კარიერის ცენტრი, რომელიც სტუდენტებს მუდმივად უზრუნველყოფს ბაზარზე არსებული სტაჟირების პროგრამებისა და და ექსკლუზიური ვაკანსიების შესახებ ინფორმაციით, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მართავს გადამზადების ტრენინგებსა და დასაქმების ფორუმებს.
GAU მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებს სამუშაოს მორგებულ სალექციო გრაფიკს სთავაზობს. პარალელურად სტუდენტებს სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობა GAU-ს სხვადასხვა სტრუქტურაშიც ეძლევათ.
გაცვლითი პროგრამები
GAU-ს სტუდენტებს გაცვლით პროგრამებს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან სთავაზობს. სულ უფრო იზრდება ევროპისა და აშშ-ის წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების რიცხვი, რომელთანაც GAU თანამშრომლობს. შედეგად სტუდენტებს ეძლევათ საშუალება, ისარგებლონ ერთ ან ორ სემესტრიანი გაცვლითი პროგრამით, მიიღონ ამა თუ იმ ორგანიზაციის სტიპენდია და ეზიარონ, არა მხოლოდ საერთაშორისო განათლებისა და გლობალური კონკურენტუნარიანობის გამოცდილებას, არამედ მრავალფეროვან კულტურულ და სოციალურ ურთიერთობებს.
გაცვლითი პროგრამები მოქმედებს GAU-ს აკადემიური გუნდისთვისაც, შესაბამისად, GAU-ს ლექტორები მუდმივად გადიან პრაქტიკას საერთაშორისო უნივერსიტეტებში, მეორე მხრივ კი, უცხოელი ლექტორები თავიანთ ცოდნას უზიარებენ GAU-ს სტუდენტებს!
სტუდენტური ცხოვრება
GAU-ს სტუდენტები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, გეგმავენ და ახორცილებენ შემეცნებით, სპორტულ, გასართობ და საქველმოქმედო პროექტებს. GAU სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით არჩევს საჯარო ლექციებისა თუ სემინარების სპიკერებსაც და უნივერსიტეტის სტუმრები სხვადასხვა სფეროს აზრის ლიდერები, ექსპერტები, ახალგაზრდებისთვის საინტერესო ადამიანები არიან. GAUბენდი და GAUდასი კი, მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
GAU, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში (CSR), ზრუნავს მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერაზე, როგორც იურიდიული, ისე მატერიალურ-ტექნიკური და სტუდენტთა მოხალისეობრივი აქტივობებით.
GAU-ში ფუნქციონირებს ომბუდსმენის ოფისი, რომელიც არის გარანტი იმისა, რომ სტუდენტთა უფლებები და თავისუფლებები არის სრულყოფილად დაცული.